ჭიდაობა

23:31 | 22.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ დათუნაშვილი რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის პარიზში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღე წარუმატებელი გამოდგა. ფრანგულ ხალიჩაზე ოთხი ქართველი გავიდა, მაგრამ საპრიზო სამეულში შესვლა ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო. ამრიგად, ბექა როყვას გაწვრთნილმა გუნდმა 2017 წლის სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე გამოსვლა რობერტ კობლიაშვილისა (85 კგ) და რევაზ ნადარეიშვილის (98 კგ) მიერ გუშინ მოპოვებული ბრინჯაოს მედლებით დაასრულა.

დღეს ქართველთაგან ყველაზე შედეგიანად ზურაბ დათუნაშვილმა (80 კგ) იჭიდავა, რომელიც პარიზში ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩავიდა. ჩემპიონატი ალჟირელ ბაშირ სიდ აზარასთან შეხვედრით გახსნა და საკვალიფიკაციო ეტაპი სასურველი ფრით (2:2) დაძლია. ხორვატ ბოზო სტარჩევიჩსა და ავსტრიელ მიხაელ ვაგნერს დათუნაშვილმა ერთნაირი ანგარიშით – 3:2 აჯობა. ნახევარფინალში კი სომეხ მაქსიმ მანუკიანთან ვეღარას გახდა (0:7) და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც კიდევ ერთ ევროპელ მეტოქეს – გერმანელ პასკალ ეიზელს დაუპირისპირდა, დამარცხდა (2:5) და საბოლოოდ მეხუთე ადგილი დაიკავა.

დღესვე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საპრიზო სამეულები კიდევ სამ წონით კატეგორიაში: 59, 66 და 130 კილოგრამებში შეივსო. საქართველოს სახელით მსოფლიო კონკურენციაში ლაშა მარიამიძე (59 კგ), გოგა გოგიბერაშვილი (66 კგ) და ლევან არაბული (130 კგ) ჩაებნენ, მაგრამ ჩემპიონატს დილის პროგრამაში გამოეთიშნენ.

მარიამიძე პირველსავე წრეში დამარცხდა უნგრელ ერიკ ტორბასთან (2:10). გოგიბერაშვილიც ერთადერთხელ გავიდა პარიზულ ხალიჩაზე და დაუძლეველი ზღუდე მისთვისაც უნგრელი მეტოქე – მატე კრაჟნალი აღმოჩნდა (3:3). ქართველებმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც მალევე დაკარგეს, რადგან მათმა მძლეველებმა შემდეგ ეტაპზევე წაიფორხილეს.

ლევან არაბულმა (130 კგ) ძირითად ბადეში სამი შეხვედრა ჩაატარა. საქართველოს ნაკრების უმძიმესმა წევრმა მსოფლიოს ჩემპიონატი იაპონელი არატა სონოდას ძლევით გახსნა (5:1). მერვედფინალში ეგვიპტელ აბდელატიფ აჰმედ მოჰამედს აჯობა (11:3). მეოთხედფინალში კი ჩილელ იასმანი აკოსტა ფერნანდესთან ვეღარას გახდა (2:5) და ისღა დარჩენოდა, მის ფინალში გასვლას დალოდებოდა. ფერნანდესმა ეს ვერ შეძლო და არაბულს ბრინჯაოს გზა ჩაეკეტა.

ხვალ და ზეგ მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორებს ქალები გამოავლენენ. შეჯიბრების ბოლო ორ დღეს – 25-26 აგვისტოს კი საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან.

0.121423