საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა “სამტრედიამ” მორიგი ტრანსფერი გაჩარხა. როგორც იმერული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ამიერიდან მათ რიგებში ნიგერიელი თავდამსხმელი მაიკლ ოლაიტინი გაირჯება. 24 წლის ფორვარდი “სამტრედიასთან” კონტრაქტს 2018 წლის ბოლომდე გააფორმებს, გუნდს კი ხვალიდან შეუერთდება.
მაიკლ ოლაიტინს კარიერის უმეტესი ნაწილი აქამდე საბერძნეთში გაუტარებია: სხვადასხვა დროს “ვერიას”, “ერგოტელისის”, “პანიონისისა” და პირეოსის “ოლიმპიაკოსის” ღირსებას იცავდა. ამ გუნდის რიგებში 2014 წელს საბერძნეთის ჩემპიონიც გახდა და იმავე სეზონში სუპერლიგაში 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა - 8 გოლიც გაიტანა. გარდა ამისა, სამი თამაში ჩემპიონთა ლიგაზეც ჩაატარა “მანჩესტერ იუნაიტედის” და “ანდერლეხტის” წინააღმდეგ (ორჯერ).
2015-2016 წლების სეზონი ნიგერიელმა ენსხედეს “ტვენტეში” გაატარა და ერედივიზიონში 15-ჯერ ითამაშა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა. რაც შეეხება შარშანდელ სეზონს – იგი ისევ საბერძნეთში, კერძოდ “პანიონისში” დაჰყო – 6 მატჩი, 0 გოლი. სხვადასხვა დროს იყო ნიგერიის ასაკობრივ ნაკრებთა წევრი, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში არ უთამაშია.