საქართველოში რომ საბჭოთა კავშირი ბოლომდე არ მომკვდარა, ამას, სხვა მრავალ უბედურებასთან ერთად, ქართული სპორტული კლუბების სახელწოდებების შენარჩუნებაც ადასტურებს. შორს წაგვიყვანს იმაზე საუბარი, საჭიროა თუ არა კლუბებს კვლავინდებურად ერქვათ “დინამოები“, “ლოკომოტივები“, “ტორპედოები“ თუ სხვა... ამაზე ჩვენც ბევრი გვისაუბრია და სხვებსაც არ დაუკლიათ მსჯელობა, მაგრამ საქართველოში როგორც არ უნდა დამაჯერებლად წერო და ისაუბრო, დარწმუნებით იცი, რომ ბოლოს მაინც არაფერი შეიცვლება. თუმცა ამ შემთხვევაში კიდევ უფრო უცნაურ და გულსატკენ ამბავზე უნდა გიამბოთ.
არცთუ დიდი ხნის წინ ქართულ ქალთა ფეხბურთს კიდევ ერთი კლუბი დაემატა, რომელიც ავადსახსენებელი სტალინის მშობლიურ ქალაქ გორში შეიქმნა და მას სახელად იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილის ახალგაზრდობის დროინდელი ფსევდონიმი - “სოსელო“ დაარქვეს. უფრო სწორად კი, ამ ქალთა საფეხბურთო კლუბს სახელი გადაარქვეს. გუნდს ადრე სახელად Lady Gori ერქვა და უკვე ერთი თვეა „სოსელო“ დაერქვა. შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, გუნდისთვის სახელის გადარქმევა მას შემდეგ გადაწვიტეს, რაც ახალი აიპი შეიქმნა.
„ახალი აიპი შეიქმნა „სოსელო“ და სახელიც მისი დავარქვით. აქამდე ქალთა გუნდი ფედერაციის დაქვემდებარებაში იყო და ეხლა აღარ არის. სახელი ერთობლივად მოვიფიქრეთ, გორის პატივსაცემად“, - აცხადებს გია რევაზიშვილი „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
გავრცელებული ინფორმაციიდან ასევე ვიგებთ, რომ ქალთა საფეხბურთო გუნდი გორში 4 თვის წინ შეიქმნა და მასში 10-დან 25 წლამდე გოგონები ირიცხებიან. გუნდისთვის სახელის გადარქმევას კრიტიკული შეფასებები მოჰყვა სოციალურ ქსელებში, თუმცა გია რევაზიშვილი კრიტიკოსთა შენიშვნებს არ იზიარებს. უფრო მეტიც, კლუბის მესვეურები აქეთ სხვა ადამიანებს გვდებენ ბრალს და ავრცელებენ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ სახელ “სოსელოს“ წინააღმდეგ მიმართული კამპანია სერიოზულ ზიანს აყენებს გუნდს და თუ გული შეგვტკივა, უნდა მივიდეთ და და გავერკვეთ, რა პრობლემების წინაშე დგას ეს გუნდი.
რასაკვირველია, კლუბში მოთამაშე გოგონებს ამ ყველაფერში არანაირი ბრალი არ მიუძღვით და ამ ახალგაზრდებს მხოლოდ და მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებთ. მაგრამ, ადამიანი (თუ ადამიანების ჯგუფი) რომ საფეხბურთო კლუბს ჩვენი ქვეყნის უბორეტესი მტრის, საინგილოს გამჩუქებლის, რეპრესიების მომწყობის, ჩვენს ქვეყანაში ავტონომიური რესპუბლიკების შემქმნელის, ათეულათასობით ჩვენი თანამემამულის დამხვრეტის - სტალინის სახელს დაარქმევს და აქეთ კიდევ პრეტენზიებით გამოდის, მსგავსი რამ მხოლოდ ჩვენთან შეიძლება მოხდეს.
წარმოდგენილი გაქვთ გერმანიაში საფეხბურთ კლუბს ჰიტლერის ბავშვობისდროინდელი მეტსახელი რომ დაარქვან რა მოხდება? ან იტალიაში რომ შეიქმნას ბენიტო მუსოლინის სახელობის საფეხბურთო გუნდი... დარწმუნებულები იყავით, რომ ასეთ რამეს არსად არავინ გადაყლაპავს და პროტესტიც ბევრად უფრო მასშტაბური იქნება. ჩვენთან კი სტალინელები და ძმანი მათნი თავს მშვენივრად გრძნობენ, საფეხბურთო კლუბებს აარსებენ და აქეთ გვამუნათებენ - ჩვენი პრობლემებით დაინტერესდითო. თავხედობაც ასეთი უნდა...