ზუგდიდის “ბაიას” ყოფილი ფეხბურთელი ჩისამბა ლუნგუ კარიერას თურქეთის სუპერლიგის ბინადარ “ალანიასფორში” გააგრძელებს. თურქული გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, 26 წლის ზამბიელ ფეხბურთელთან 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
იყო დრო, როდესაც ჩისამბა ლუნგუს საქართველოს ნაკრებში მიწვევაზე საუბრობდნენ და მეტიც, 21 წლამდე ნაკრებში მიწვეულიც გახლდათ და ერთი მატჩიც ჩაატარა – ამხანაგური.
ლუნგუ “ბაიაში” 2009-2010 წლების სეზონში თამაშობდა, ხოლო შემდეგ რუსულ “ურალში” გადავიდა, რომლის ღირსებაც დღემდე 151 მატჩში დაიცვა, 8 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა. ზამბიის ნაკრებში კი 40 შეხვედრა აქვს ჩატარებული.