ფეხბურთი

16:46 | 15.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ნაკრები - ამდენი ტრავმა, ამდენი სკამი, ამდენი უგუნდობა 

ირლანდიასთან შესარჩევი ციკლის მატჩამდე 18 დღეღა დარჩა. ფაქტობრივად, თამაში კარს არის მომდგარი, მეტოქე კი, კარგად იცით, როგორი უხერხულია: ჩატარებული 8 შეხვედრიდან 8 წავაგეთ. აქედან, მხოლოდ ერთხელ გვაჯობეს პირწმინდად (4:0), დანარჩენ შემთხვევებში კი მეტ-ნაკლებად თანაბარი თამაშები იყო.

მეტიც, შარშან დუბლინში პირველი ტაიმი უგოლოდ რატომ დასრულდა და ჰანდიკაპით რატომ ვერ ვიგებდით, გაუგებარია: სრული სათამაშო უპირატესობა გვქონდა. გარდა ირლანდიისა, 5 სექტემბერს ავსტრიაში გველის გასვლითი მატჩი.

და ასეთ მეტოქეს მაინცდამაინც დალხენილ მდგომარეობაში ვერ დავხვდებით. ვწერთ ხოლმე ლეგიონერებზე, თუმცა უმეტესად ბევრი არაფერია საწერი - არიან ტრავმირებულნი, ზოგიერთს არ ათამაშებენ. ზოგიერთი კი სულაც უკლუბოდაა და სატრანსფერო ამბებშია ჩაფლული.

უკლუბოდ: ჯაბა კანკავა

ტრავმა: თორნიკე ოქრიაშვილი, ლევან მჭედლიძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ლორია

პრაქტიკის გარეშე: გიორგი მაკარიძე, ბუბა დაუშვილი, დავით ხოჭოლავა

ამას დავუმატოთ, რომ რუსეთში ექვსი ტურია გასული და ჯანო ანანიძემ ჯამში მხოლოდ 68 წუთი ითამაშა. არადა, ჯანო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია და მასზე ბევრია დამოკიდებული.

კიდევ კარგი, გიორგი ქვილითაია და ნიკა კაჭარავა გამოჯანმრთელდნენ, თორემ თავდასხმაში სერიოზული პრობლემები ჩნდებოდა. აუცილებელია, რომ მალე შევიდნენ ფორმაში.

ყველაზე მკაფიოდ კი პრობლემები ჩანს საყრდენი ნახევარმცველის ზონაში. უკლუბოდაა ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა, ხოლო ბუბა დაუშვილი პრაქტიკის გარეშე დარჩა. ვერც ვაკო გვილიას უდგას საუკეთესო პერიოდი, რადგან ხან ათამაშებენ, ხან - არა. მანამდე მასაც ტრავმა ჰქონდა.

ვლადიმირ ვაისი რამდენიმე დღეში შემადგენლობას გამოაცხადებს და სავარაუდოდ, ისეთი ფეხბურთელებიც მოხვდებიან სიაში, რომლებსაც მიმდინარე შესარჩევში არ უთამაშიათ.

ახალგაზრდები? გიორგი არაბიძე, სავარაუდოდ, მალე კლუბს შეიცვლის, მანამდე კი ისევ "შახტარის" დუბლებში ათამაშებენ. დიდი შანსია, რომ ვაისმა გიორგი ჩაკვეტაძე გამოიძახოს - ფეხბურთელი, რომელსაც ორ კვირაში შეუსრულდება 18 წელი და რომელიც სწრაფ პროგრესს განიცდის.

აი, საყრდენის პოზიციაზე კი განსაკუთრებით ბევრი საფიქრალია.

საერთოდ, სექტემბრის მატჩების წინ ხშირად გვქონია მსგავსი სიტუაცია: როცა ბევრი ფეხბურთელი კლუბს ეძებდა, ან ახალ გუნდში თავს ვერ იმკვიდრებდა. თუმცა ამჯერად ბევრი ასეთი მოთამაშე დაგვიგროვდა.

0.113474