თბილისის “ლოკომოტივისა” და ქუთაიასის “ტორპედოს” შეხვედრა, რომელიც ორი დღის წინ შეწყდა, 14 აგვისტოს განახლდება. ამის შესახებ ეროვნული ლიგის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.
ზემოხსენებული მატჩი ორშაბათს, 18:30 წუთიდან აიღებს სტარტს და საგულისხმოა, რომ იგი 85-ე წუთიდან გაგრძელდება. ანუ, იმ წუთიდან, როდესაც შეხვედრა შეწყდა. ანგარიშიც უცვლელი იქნება – 2:0 “რკინიგზელთა” სასარგებლოდ.
შესაბამისად, “ტორპედოს”, რომელიც ქუთაისიდან მატჩის ჩასამთავრებლად ჩავა თბილისში, 5 წუთი ექნება იმისთვის, რომ ქულა მაინც მოიპოვოს. აღნიშნული გადაწყვეტილება სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილებამ ეროვნული ლიგის დებულების თანხმად მიიღო.
შეგახსენებთ, 22-ე ტურის თამაში “ლოკომოტივსა” და “ტორპედოს” შორის, იმერული გუნდის ქომაგების მიერ სტადიონზე ნასროლი პეტარდების გამო ორჯერ შეწყდა. მეორედ შეწყვეტის მერე თამაში აღარც განახლებულა.
აქვე გეტყვით, რომ სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტი მომხდარ ინციდენტზე 15 აგვისტოს იმსჯელებს.