სეზონის სტარტზე გუნდები სასურველ ფორმაში ნაკლებად იმყოფებიან და უმეტესად, ჩემპიონატების დასაწყისი მძიმე საყურებელია ხოლმე, თუმცა პრემიერლიგის 2017/2018 წლების სეზონის სტარტი სულ სხვანაირი გამოდგა. “ემირეითს სთედიუმზე” შესანიშნავი შეხვედრა შედგა და ორთვიანი პაუზის შემდეგ, პრემიერლიგა გულშემატკივრებს გიჟური მატჩით დაუბრუნდა.
შეხვედრა ძალიან შთამბეჭდავად დაიწყო და “ემირეითს სთედიუმზე” შეკრებილმა პუბლიკამ უკვე მე-5 წუთისთვის ორი გატანილი გოლი იხილა: “არსენალის” ახალწვეულმა ალექსანდრე ლაკაზეტმა მე-2 წუთზე ანგარიში თავური დარტყმით გახსნა, ხოლო სამ წუთში შინჯი ოკაზაკიმ ასევე თავური დარტყმით გაათანაბრა.
მატჩი ისევე ლაღად და სასიამოვნოდ გაგრძელდა, როგორი დასაწყისიც ჰქონდა. თამაშს არცერთი გუნდი კეტავდა და ორივე გოლის გატანაზე ფიქრობდა. “ლესტერის” ფეხბურთელები მეტოქეს მისსავე ნახევარზე პრესინგით აწუხებდნენ, რამაც 29-ე წუთზე გაამართლა: ლონდონელებმა საკუთარ ნახევარზე ბურთი დაკარგეს, “ლესტერმა” მწვავე იერიში დაიწყო და მარკ ოლბრაიტონის მიერ კარის გასვრივ გაკეთებული გადაცემა ჯეიმი ვარდიმ გატანილი გოლით დააგვრიგვინა. “მელიები” ტაიმის მოგებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ მსაჯის მიერ მეორე დამატებულ წუთზე მათი დაცვა ჩავარდა და კოლაშინაცმა დენი უელბეკს ცარიელ კარში გაატანინა.
მეორე ნახევარი “მეთოფეთათვის” ცუდად დაიწყო – 56-ე წუთზე რიად მაჰრეზმა კუთხური მოაწოდა, მეორე სართულზე ყველას ვარდიმ აჯობა და პირველივე ტურში დუბლი გაიფორმა. გაშვებული გოლის შემდეგ, არსენ ვენგერმა ცვლილებები განახორციელა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, სწორედ ეს გადაადგილებები აღმოჩნდა ამ მატჩში გადამწყვეტი. 67-ე წუთზე ვენგერმა მოედანზე აარონ რემსი და ოლივიე ჟირუ შეუშვა. 83-ე წუთზე უელსელმა ფეხბურთელმა ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით წონასწორობა აღადგინა, ხოლო ორიოდე წუთში ფრანგმა ფორვარდმა შესანიშნავი თავურით ლონდონური კლუბი დააწინაურა: ერთი ფრანგის დაწყებული საქმე, მეორე ფრანგმა დაასრულა – 4:3!
ლონდონი, “ემირეითს სთედიუმი”
არსენალი (3-4-2-1): ჩეხი, კოლაშინაცი, ჰოლდინგი (ჟირუ 67), მონრეალი, ელნენი (რემსი 67), ჯაკა, ბელერინი, ჩემბერლენი, ოზილი, უელბეკი (უოლკოტი 75), ლაკაზეტი.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
ლესტერი (4-4-1-1): შმეიხელი, მაგუაირი, მორგანი, ფუქსი, სიმპსონი, ჯეიმსი, ნდიდი, ოლბრაიტონი, მაჰრეზი, ოკაზაკი (ამარტი 72), ვარდი.
მწვრთნელი: კრეიგ შექსპირი
გოლები: 1:0 ლაკაზეტი (2), 1:1 ოკაზაკი (5), 1:2, 2:3 ვარდი (29; 56), 2:2 უელბეკი (45+2), 3:3 რემსი (83), 4:3 ჟირუ (85)
გაფრთხილებები: მორგანი
მსაჯი: მაიკლ დინი