ძიუდო

10:00 | 10.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკებმა ლუკა კაპანაძის ვერცხლით დაიწყეს

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა ჩილეს ქალაქ სანტიაგოში გუშინ დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა. ხუთდღიანი შეჯიბრების პირველ დღეს, საპრიზო სამეულები ვაჟთა და გოგონათა ორ-ორ წონით კატეგორიაში შეივსო. ქართული დელეგაციის 13 ძიუდოისტიდან კი გუშინ საქმეში მხოლოდ ლუკა კაპანაძე (55 კგ) ჩაება და უმაღლეს ტიტულამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა.

55 კილოგრამი წონითი კატეგორიის სატურნირო ბადეში სულ 36 მონაწილე ჩაეწერა. კაპანაძემ მეორე წრიდან დაიწყო, სადაც დომინიკის რესპუბლიკელ ანტფერნე პეპინს 41 წამში აჯობა. შემდეგი სამი შეხვედრა კი „ოქროს დროში" მოიგო, სამივე მე-7 წუთზე. ყაზახი იერმეკ ამანგელდი მსაჯს მესამე გაფრთხილებით მოახსნევინა. იაპონელ ჰიტოიოში სუმის ვაზარით სძლია, ხოლო რუსეთის ნაკრების წევრ აბრეკ ნაგუჩევს - შიდოთი და ფინალში გავიდა.

გადამწყვეტ ბრძოლაში ლუკა კაპანაძე თურქ მიჰრაკ აკუშთან იპონით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

დღეს, სანტიაგოს ტატამზე ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟთა და გოგონათა მორიგ ორ-ორ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით კი კონკურენციაში სამი ძიუდოისტი ჩაებმება: გიორგი კაპანაძე (60 კგ), მიხეილ ბახბახაშვილი (66 კგ) და ეკატერინე ტატუნაშვილი (52 კგ).

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 19:00 საათიდან დაიწყება.

0.118064