ფეხბურთი

10:55 | 10.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია სერბი ან ხორვატი რომ ყოფილიყო...
რატომ ვერ მიდიან ქართველები ტოპ ლიგებში?

ხშირად მოვისმენთ ან წავკითხავთ ასეთ ფრაზას: რატომ თამაშობს სოლომონ კვირკველია რუსეთის პრემიერლიგაში, როდესაც ევროპული ფეხბურთის დონეზეა?!” – ძნელია ამ აზრს გავემიჯნოთ.

ქართველი მცველი უკვე წლებია თავის პოზიციაზე სტაბილურად ირჯება და ეს ჯერ კიდევ “რუბინში” თამაშის დროს არაერთხელ დაამტკიცა. თუ არ ჩავთვლით ყაზანში გატარებულ ბოლო პერიოდს, როდესაც ჩვენებურს ხელოვნური მიზეზით თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ. კვირკველიას მართლაც დაუმსახურებლად რომ მოექცნენ, აგერ გასული სეზონის მეორე ნახევარმაც გამოაჩინა და მიმდინარე სეზონმა ხომ საერთოდ – 5 შეხვედრა, 2 გოლი (ორივე გადამწყვეტი) და მათ შორის, ყაზანის “რუბინის” კარში, ბოლო წუთზე, მათ თვალწინ – ქართველმა გოლი მეტად ემოციურად აღნიშნა და ალბათ რთული არაა იმის მიხვედრა, თუ რა ხდებოდა იმ წამებში ჩვენებურის გულში – ეს არ ყოფილა სიცილიური ვენდეტა, მაგრამ ქართული კი ნამდვილად გახლდათ.

თუმცა, ეს იქეთ იყოს და, ახლა სხვა რამეზე მინდა თქვენი ყურადღება მივიქციო: რუსეთის პრემიერლიგა როგორც არ უნდა მოგვწონდეს, ჩვენი არაფერი დაეწუნება და აგერ საფრანგეთის ლიგა 1-საც კი უწევს კონკურენციას უეფას რეიტინგში – ფაქტს ვერ გავექცევით. რუსეთის ჩემპიონატიდან ტოპ ლიგაში არაერთი ფეხბურთელი წასულა და ევროპულ ფეხბურთთან ფეხის აწყობა არ გასჭირვებია. ჰოდა, რატომ არ შეიძლება იგივე სურვილი სოლომონის შემთხვევაშიც გვქონდეს?! – რა მოხდებოდა კვირკველია რომ სერბი, ხორვატი ანაც რომელიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ყოფილიყო? – ეჭვიც არ შეგეპაროთ ახლა უკვე იქნებოდა, ინგლისის, იტალიის, ესპანეთის ან გერმანიის რომელიმე კლუბის რიგებში. მაგრამ, არა, ის ქართველია.

წარსულის დავიწყება კარგის მომტანი არაა, მაგრამ სწორედ რომ წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც ქართველი ფეხბურთელები ტოპ ლიგებში თამაშობნენ. აღარც ბუნდესლიგაში გვყავს კობიაშვილ-იაშვილები, აღარ პრემიერლიგაში ქინქლაძე-ხიზანიშვილები და აღარც სერია A-ში კალაძეები. ეს დრო წარსულმა შთანთქა და თითქოს წყალიც გაიყინა - უკვე წლებია ასეთ ფუფუნებას მოკლებულნი ვართ და სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვენებურების მეორეხარისხოვან ლიგებში გადასვლაც კი გვახარებს – და კიდევ; გინდა არ გინდა, ევროპაში ეროვნებასაც ყურადღებას აქცევენ და აი, რატომ:

როდესაც ესპანეთის რომელიმე გუნდის სკაუტი ხელმძღვანელობას თავისი აღმოჩენის შესახებ უამბობს და ეტყვის, რომ ის მაგალითად ხორვატია, სერბი, პოლონელი, იქ ყველა კითხვა ქრება – მისთვის გზა ხსნილია. ამ ქვეყნის წარმომადგენლებს ხომ წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში მრავლად ვხედავთ და შესაბამისად, ასეთ დროს კლუბი ნაკლებ რისკზე მიდის, რომ ტრანსფერი არ გაამართლებს. აი, როდესაც საქმე ქართველზე მიდგება, ჩვენდა საუბედუროდ ყველაფერი პირიქითაა.

მიზეზიც მარტივია – ქართველები ტოპ ლიგაში კარგა ხანია არ თამაშობენ და შესაბამისად, მაგალითად, “საუთჰემპტონს” ან “ჯენოას” ურჩევნია ფსონი ჩეხ, ხორვატ ან სლოვაკ ფეხბურთელზე გააკეთოს. ასეა, გინდა, არ გინდა და ამაზე საქართველოს ნაკრების მძიმე სიტუაციაც ახდენს გავლენას – ფიფას რეიტინგში წლების განმავლობაში ასეულს მიღმა ყოფნა და ყოველ შესარჩევ ციკლში უფერული თამაში.

არადა, რუსეთის პრემიერლიგიდან პირდაპირ ინგლისში წასულან ფეხბურთელები და მერე როგორც უთამაშიათ, ყველამ კარგად ვიცით – თუნდაც ნემანია ვიდიჩი, რომელმაც მოსკოვის “სპარტაკიდან” “მანჩესტერ იუნაიტედს” მიაშურა და წარუშლელი კვალი დატოვა ამ სახელოვანი კლუბის მატიანეში. ნაკლები არც ბრანისლავ ივანოვჩს გაუკეთებია, როდესაც “ლოკომოტივიდან” “ჩელსიში” აღმოჩნდა. ვერავინ დამარწმუნებს, რომ კვირკველია ზემოხსენებული ფეხბურთელების იმდროინდელ დონეს, როდესაც რუსეთს ტოვებდნენ, რამით ჩამოუვარდება, მაგრამ ივანოვიჩი და ვიდიჩი ხომ სერბები იყვნენ?!

მოკლედ, რამდენადაც სამწუხარო და სავალალო არ უნდა იყოს, ქართველი ფეხბურთელებისთვის უამრავი ფაქტორის გამო ტოპ ლიგაში მოხვედრა არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს – აბა, ვერავინ დამაჯერებს, რომ თვითონ სოლომონ კვირკველიაზე მეტად ვინმეს სურდეს ბუნდესლიგაში, პრემიერლიგაში, ლა ლიგაში ან სერია A-ში თამაში, მაგრამ...

ზემოთ უამრავი ფაქტორი ვახსენე და ერთ-ერთი მთავარი საფეხბურთო აგენტიცაა – არც ამ საქმეში გვაქვს დალხენილი ცხოვრება. მწარე რეალობაა, მაგრამ დღეს ქართველ ფეხბურთელთა უმეტესობას არ ჰყავს ისეთი აგენტი, რომელთა არხები პირდაპირ შუაგულ ევროპაში გადიოდეს – მათი მთავარი წყაროები მაინც რუსეთში, უკრაინაში და ახლა უკვე პოლონეთსა და დანიაში მოედინებიან. არადა, 21-ე საუკუნეში ტრანსფერებში აგენტის როლმა რა დატვირთვა მიიღო, აგერ ჩანს ბოლო დროს განხორციელებული არაერთი გარიგებიდან.

მოკლედ, ასეა, არავის, არც მე, არც რომელიმე გულშემატკივარს არ სურს კვირკველიაზე მეტად ევროპულ ლიგაში მისი ხილვა, მაგრამ მხოლოდ სურვილი არ კმარა – გარემოც ხელს უნდა გიწყობდეს.

არადა, თვით კახა კალაძე ურჩევდა იტალიური მედიის ფურცლებიდან “მილანს” ქართველი ფეხბურთელის შეძენას არცთუ შორეულ წარსულში – ის ქართველი კი სოლომონ კვირკველია იყო!

0.113267