კალათბურთი

16:19 | 7.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს პრეზიდენტმა ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზაზა ფაჩულია საქართველოში კალათბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაციისათვის ღირსების ორდენი გადასცა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება.

დაჯილდოების ცერემონია დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ზაზა ფაჩულიას ოჯახის წევრები, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები, მწვრთნელები და საკალათბურთო კლუბის "გოლდენ სტეიტის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"ზაზა ფაჩულია, პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც მოიპოვა NBA-ის თასი და გადაწყვიტა, რომ ეს გამარჯვება თავის სამშობლოში აღენიშნა. ძალიან მნიშვნელოვანია წარმატება, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როცა შენს წარმატებას საზოგადოებას უზიარებ და უბრუნებ. ზაზა ფაჩულია არ ივიწყებს თავის სამშობლოს, თავის საზოგადოებას. ის ჩვენს გვერდით იყო მაშინაც, როდესაც თბილისს უჭირდა წყალდიდობის შემდეგ. მინდა, მადლობა ვუთხრა მას ამ პატრიოტული სულისკვეთებისთვისაც“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიისას.

ზაზა ფაჩულიამ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს დაჯილდოებისათვის.
„რაც გამიკეთებია ჩემს ცხოვრებაში, ნამდვილად გულით გამიკეთებია და ასეთ რაღაცას არ ველოდებოდი. განსაკუთრებული დღეა ჩემთვის, რადგან ქვეყნის პრეზიდენტი გიფასებს იმ შრომას, ყველა იმ საქმეს, რასაც აკეთებ და მადლობელი ვარ ყველაფრისთვის. ვეცდები, რომ ეს ღირსების ორდენი ვატარო ღირსეულად ჩემს ცხოვრებაში", - განაცხადა ფაჩულიამ.

შეგახსენებთ, ზაზა ფაჩულიამ NBA-ის ჩემპიონის თასი გუშინ სამშობლოში ჩამოიტანა და დღეს, 20:00 საათზე, სპორტის სასახლეში მისი წარდგენა გაიმართება.

0.115537