ლონდონის “ჩელსიმ” სეზონი წარუმატებლად დაიწყო – ინგლისის ჩემპიონმა სუპერთასზე თანაქალაქელ “არსენალთან” მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში იგემა მარცხი.
აღნიშნული შეხვედრის შემდეგ კომენტარი ლონდონელთა იტალიელმა თავკაცმა ანტონიო კონტემ გააკეთა, რომელიც მსაჯებს გაუწყრა.
“კურტუა ჩვენს გუნდში ერთ-ერთი პენალტისტია. ვწუხვარ, რომ მან გატანა ვერ შეძლო, მაგრამ თერთმეტრიანი გაფუჭება შეუძლია როგორც თავდამსხმელს, ისე მეკარეს. პედროს გაძევება? – უკვე მეორე ფინალი ვითამაშეთ “არსენალის” წინააღმდეგ და ორჯერვე 10 კაცით მოგვიწია თამაში. ასოციაციის თასის ფინალში და დღეს. მსაჯების გადაწყვეტილებებს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც გაბრაზება აუცილებელია”, - განაცხადა კონტემ.
შეგახსენებთ, “ჩელსი” არსენალთან” მაისში ასოციაციის თასის ფინალში დამარცხდა, ხოლო ახლა უკვე სუპერთასზე. აღსანიშნავია, რომ “არისტოკრატებმა” მატჩის ბოლო ნაწილი კაცნაკლულებმა ითამაშეს.