საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და “გოლდენ სტეიტ უორიორზის” ცენტრი ზაზა ფაჩულია საქართველოშია. NBA-ს ჩემპიონმა და საჩემპიონო ბეჭედის მფლობელმა ქართველმა სამშობლოში თასი ჩამოიტანა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველ მოთამაშეს მრავალი გულშემატკივარი დახვდა. ზაზას თასით ხელში გამოჩენა კი გულშემატკივრებმა აპლოდისმენტებითა და ოვაციებით აღნიშნეს.
ზაზამ ჩამოსვლისთანავე მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ეს გამარჯვება სრულიად საქართველოსია და სწორედ ამიტომ ჩვენს ქვეყანას უფლება აქვს იამაყოს აღნიშნული წარმატებით.
“ამ დღეს დიდი ხანი ველოდი, იმ მომენტიდან, როდესაც დამსახურებულად გავიმარჯვე. რა თქმა უნდა, ფინალის დღეს ჩემი ოჯახის წევრები იქ იყვნენ ჩემთან ერთად. ასევე მილიონობით “უორიორზის” გულშემატკივარი, მაგრამ სულ სხვა გრძნობაა, როდესაც ქართველ ხალხთან ერთად გიწევს სიხარულის გაზიარება. ასე რომ, დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა ღმერთს ეს ბედნიერი დღე რომ გამითენა. როგორც შეგპირდით თასი ჩამოვიტანე საქართველოში და რამდენიმე დღე აქ იქნება. ეს თასი საქართველოსია, ყველა ჩვენგანისაა და შეგიძლიათ ყველამ იამაყოთ იმიტომ, რომ ამ ტიტულს ვერავინ წაგვართმევს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ეს არის პირველი და იმედი მაქვს არა უკანასკნელი. თამამად შემიძლია მოგილოცოთ თასის საქართველოში ყოფნა.
ნაკრები ჩემი ცხოვრების და კარიერის ძალიან დიდი ნაწილია და რა თქმა უნდა, ერთი სული მაქვს ბიჭებს როდის შევუერთდები. გრძელი და საინტერესო ზაფხული იყო ჩემთვის. ახლა ჩემი მთელი კონცენტრაცია ნაკრებს დაეთმობა, რადგან ის რაც იყო უკვე წარსულში რჩება. იმედი მაქვს, მომავალ წელსაც იგივეს გავიმეორებ.
საჩემპიონო ბეჭედი ჯერ არ მიმიღია. ტრადიციულად მივიღებ შემდეგი სეზონის პირველ თამაშზე, ოქტომბერში. თითის ზომები აღებული აქვთ და ისიც ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება ჩემთვის”, – თქვა ზაზამ.
შეგახსენებთ, ზაზა ფაჩულია ქართული კალათბურთის ისტორიაში პირველია, რომელმაც ეროვნული საკალათბურთო ასოციციის ჩემპიონობა მოახერხა. ახლა კი, ფაჩულია საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება და ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე შეეცდება საკუთარი სამშობლოს სახელი ღირსეულად კიდევ ერთხელ დაიცვას.