სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭიდაობა

10:50 | 6.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა ბერძენ-რომაელების საშინელი სტარტი

ტამპერეში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, თავისუფალი და ქალთა სტილის მოჭიდავეების შემდეგ, საქმეში ბერძენ-რომაელებიც ჩაებნენ და რვა წონითი კატეგორიიდან ოთხში საპრიზო სამეულები შეავსეს.

გუშინ ფინურ ხალიჩაზე მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები 50, 60, 74 და 96 კილოგრამებში გამოვლინდნენ. კონკურენციაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ოთხი წევრიც ჩაება, მაგრამ მედლისთვის ბრძოლას ოთხივე საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშა.

რამაზ სილაგავამ (50 კგ) მსოფლიოს პირველობა ყირგიზი ტურატ კიდირბეკ უულუს ძლევით (5:4) გახსნა, მაგრამ მერვედფინალში აზერბაიჯანელ ზულფიგარ ალიევთან დამარცხდა (0:1).

ლერი აბულაძემ (60 კგ), ბექა მამუკაშვილმა (74 კგ) და გიორგი ბარბაქაძემ (96 კგ) კი მხოლოდ თითო შეხვედრა ჩაატარეს.

აბულაძისთვის დაუძლეველი ზღუდე იაპონელი ტაიში ნარიკუნი აღმოჩნდა (7:13), მამუკაშვილისთვის - იტალიელი მირკო მინგუცი (6:7), ხოლო ბარბაქაძისთვის – ფინელი არვი მარტინ სავოლაინენი (0:3).

ძირითად ბადეში წარუმატებლობის შემდეგ, ქართველ მოჭიდავეებს რეპეშაჟში გადართვის შანსიც აღარ მისცემიათ, რადგან მათი მომგებები ფინალამდე ვერ მივიდნენ.

მსოფლიოს ჩემპიონატი დღეს, ბერძენ-რომაელთა დარჩენილი ოთხი წონითი კატეგორიის ჭიდაობებით დასრულდება. საქართველოს სახელით კი ხალიჩაზე ნუგზარ წურწუმია (55 კგ), გიორგი კურტანიძე (66 კგ), თემურ ჭკუასელიძე (84 კგ) და ზვიად პატარიძე (120 კგ) გავლენ.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113886