რუსეთის პრემიერლიგაში უდანაკარგოდ თამაშობს მოსკოვის “ლოკომოტივი” – “რკინიგზელებმა” მეოთხე ტურში ხაბაროვსკის “სკა ენერგიას” 1:0 მოუგეს. მოსკოველთა რიგებში ტრადიციულად 90 წუთი გაისარჯა სოლომონ კვირკველია, რომელიც ისევ დამაჯერებელი იყო. საერთოდ, განვლილ ოთხ ტურში “ლოკომოტივმა” ერთადერთი გოლი გაუშვა და დაცვის კარგი თამაში დიდწილად სწორედ ქართველის დამსახურებაა. შეგახსენებთ, საწყის ორ ტურში იგი სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
თავის მხრივ “სკა ენერგიას” რიგებში ასევე შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა მცველმა, გიორგი ნავალოვსკიმ. “ლოკომოტივს” 4 ტურში 12 ქულა აქვს და ლიდერია, ხოლო ხაბაროვსკელები უქულოდ ბოლო ადგილზე არიან.
ჰოლანდიის სუპერთასის მოგებამდე მცირედი დააკლდა გურამ კაშიას. ჩვენებურის კაპიტნობით “ვიტესი” ჩემპიონ “ფეიენოორდს” როტერდამში გაუძალიანდა და ტიტული მხოლოდ მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში დაუთმო (2:4). კაშიამ შეუცვლელად ითამაშა.
უნგრეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში ბაჩანა არაბულის “ბალმაზუივაროშმა” “დიოშგიორი” გაანადგურა – 4:0. ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 76 წუთი გაატარა. მისი გუნდი კი, 4 ტურში 5 ქულით მეექვსე ადგილს იკავებს.