ფეხბურთი

0:20 | 5.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

თამაში ცალ კარში 

ლიდერმა თბილისის "დინამომ" 5:0 სძლია გორის "დილას", რომელთანაც ამ სეზონში მოგებული არ ჰქონდა. თბილისელთა უპირატესობა კოლოსალური იყო და შეიძლებოდა, უფრო დიდის სხვაობაც დაფიქსირებულიყო.

"დილას" რომ ძალიან გაუჭირდებოდა, ჯერ კიდევ საწყის 10 წუთში გამოჩნდა, როცა ზედიზედ სამ ეპიზოდში სასწაულად გადარჩნენ. ჯერ დავით კობოურმა ახლოდან თავური ააცილა, მერე მსაჯმა სილაგავამ მიკოლა კოვტალიუკის წაქცევისთვის პენალტი არ დანიშნა და კიდევ, აკაკი შულაიას პასის შემდეგ, ბექა მიქელთაძემ ერთი მეტრიდან ვერ გაიტანა.

მალევე, მე-12 წუთზე ალექსანდრე კვახაძე გააძევეს ბოლო იმედის ჯარიმისთვის. კვახაძე ოდნავ შეეხო გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელიც პირისპირ გადიოდა.

ჩაკვეტაძე - უდავოდ საუკეთესო ამ შეხვედრაში და სასიხარულოა, რომ ასეთი ფეხბურთელი გვეზრდება. ჯერ ყველაფერი წინ აქვს და იმედია, პროგრესს გააგრძელებს. გიორგიმ დუბლი მიითვალა, საგოლე პასი გააკეთა და როგორც დავწერეთ, მანამდე ათი კაცით დატოვა მეტოქე.

22-ე წუთზე მიქელთაძის პასის შემდეგ, ბაქარ ქარდავამ გაიტანა. ეს ქარდავას პირველი გოლია მიმდინარ ჩემპიონატში. სამ წუთში ჩაკვეტაძის რბილ პასს მიქელთაძის ახლოდან ზუსტი დარტყმა მოჰყვა, ხოლო კიდევ მცირე დროში თავად ჩაკვეტაძე გავიდა მეკარესთან პირისპირ და კარგადაც დაარტყა - 3:0. ეს ყველაფერი ხუთწუთიან მონაკვეთში მოხდა.

კიდევ არაერთი მომენტი იყო, მორე ნახევარში კი ორი გოლიც გავიდა. ჩაკვეტაძემ საჯარიმო დარტყმა კარგად შეასრულა, ბოლოს კი მშვენიერი კომბინაცია ლაშა ქოჩლაძემ დააბოლოვა. მას ასისტენტობა გიორგი თევზაძემ გაუწია. ორივე ეს ფეხბურთელი შეცვლაზე შევიდა.

"დილა" ძალიან სუსტად გამოიყურებოდა. ფაქტობრივად, ვერაფერს უპირისპირებდნენ მეტოქეს. მეკარე მიხეილ მუჯრიშვილმა არაერთი ბურთი მოიგერია.

კიდევ, დინამოელთა შემადგენლობაში ნიგერიელი მცველის, მოჰამედ ალიუს დებიუტი შედგა, ხოლო ტრავმამოშუშებულმა ლუკა ლოჩოშვილმა 90 წუთი ითამაშა.

ეროვნული ლიგა. 21-ე ტური

5 აგვისტო. თბილისი. დინამო არენა

დინამო (თბილისი) - დილა (გორი) 5:0 (3:0)

დინამო: რევიშვილი, გეგეჭკორი, კობოური, ლოჩოშვილი, თოთაძე (თევზაძე 61), ქარდავა, ნინუა, შულაია, ჩაკვეტაძე (ქოჩლაძე 83), მიქელთაძე (ალიუ 71), კოვტალიუკი

დილა: მუჯრიშვილი, მაჩაიძე, რაზმაძე, გაგოშიძე, ტარავალე, ქარქუზაშვილი, სოფრომაძე, კირკიტაძე (აშორტია 79), კვახაძე, ფლავიო (ნონიკაშვილი 78), პედრინიო (კუსიანი 29)

გოლები: 1:0 ქარდავა (22), 2:0 მიქელთაძე (25), 3:0 ჩაკვეტაძე (27), 4:0 ჩაკვეტაძე (68), 5:0 ქოჩლაძე (87)

გაფრთხილება: თოთაძე (37), თევზაძე (84)

გაძევება: კვახაძე (12)

მსაჯი: სილაგავა

0.276382