ფეხბურთი

13:14 | 2.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი დაბრუნდა და მიდის...

საფეხბურთო სამყარო ახალი სატრანსფერო რეკორდის მოლოდინშია, ნეიმარმა კი აზიაში სარეკლამო ტურნე დაასრულა, ბარსელონაში დაბრუნდა და ვარჯიშზე გამოცხადდა, მაგრამ კატალონიური გუნდის თავკაცის, ერნესტო ვალვერდეს ნებართვით საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. ამასთან, ბრაზილიელი “პარი სენ ჟერმენში” გადასვლაზე საუბრისგან ჟურნალისტებთან თავს იკავებს. თუმცა, როგორც ესპანური გამოცემები იტყობინებიან, ფეხბურთელი ასეთი სიტყვაძუნწი არაა თანაგუნდელებთან და კლუბის პერსონალთან, რომელთაც აცნობა, რომ საფრანგეთში მალე გაემგზავრება.

ესპანელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ნეიმარი პარიზში კვირის ბოლომდე ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის, 7 აგვისტოს კი პსჟ-სთან კონტრაქტიც გაფორმდება. მაგრამ მანამდე ბრაზილიელს როგორც მის ამჟამინდელ კლუბთან, ასევე ესპანეთის საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელობასთან მოუწევს საერთო ენის გამონახვა.

საფეხბურთო ლიგა ნეიმარის კონტრაქტის იმ პუნქტის დაბლოკვას აპირებს, რომელიც ფეხბურთელს “ბარსელონადან” 222 მილიონ ევროდ წასვლის უფლებას აძლევს. ამის მიზეზი კი ნეიმარის მამის და ამავდროულად აგენტის ესპანურ კლუბთან დავაა. როგორც ირკვევა, 2016 წელს, როცა ნეიმარმა “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა, მის აგენტს ჰონორარის სახით 26 მილიონი ევრო უნდა მიეღო, კლუბი კი ამ თანხის სრულად გადახდას არ აპირებს, თუკი ნეიმარი მოქმედი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დრომდე არ დარჩება კატალონიურ გრანდში. მხარეების შეუთანხმებლობის შემთხვევაში, დავა სასამართლოში გაგრძელდება, თუმცა, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ალბათ ნაკლებად სავარაუდოა საქმე იქამდე მივიდეს, რომ დასახელებული 26 მილიონის გამო ჩაიშალოს ნეიმარის პსჟ-ში ტრანსფერი.

0.117982