საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ტამპერეში დღეს დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. პოდიუმზე 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი ავიდა, რომელიც ფინეთში ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში იყო ჩასული.
ფინალის გზაზე მაჭარაშვილმა ოთხი შეხვედრა მოიგო. მსოფლიოს პირველობა იაპონელი ტაკაში იშიგუროს ადვილად ძლევით გახსნა – 10:0. ასეთივე ანგარიშით აჯობა უკრაინელ ოლექსანდრ ჰიმიშლისა და გერმანიის ნაკრების წევრ ილია მატუჰინს. ნახევარფინალში ამერიკელ კოლინ მურსაც აშკარა უპირატესობით აჯობა, ოღონდ წინა მეტოქეთაგან განსხვავებით, 4 ქულა დაუთმო. თუმცა თავად 16 ქულა აუღო.
2017 წლის სეზონის ოქროს დუბლით დასრულებამდე გივი მაჭარაშვილს ფინალში რუსეთის ნაკრების წევრ შამილ მუსაევის ძლევა დააკლდა - 2:7 დამარცხდა.
დღეს ფინურ ხალიჩაზე მედლების კიდევ სამი კომპლექტი გათამაშდა. საქართველოს სახელით კი საქმეში ორი სპორტსმენი ჩაება და შეჯიბრებას ორივე დილის პროგრამიდან გამოეთიშა.
ნიკა კენჭაძე (74 კგ) ყაზახი ჟაკსილიკ სულთანისა (14:11) და სომეხი ჰრაირ ალიხანიანის ძლევის (6:1) შემდეგ, მეოთხედფინალში თურქ მუჰამედ კუჩუკილდირიმთან დამარცხდა (4:5). ცოტა ხანში კი ბრინჯაოს გზაც ჩაეკეტა, რადგან თურქი ნახევარფინალს ვერ გასცდა.
ედემი ბოლქვაძემ (60 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი შეხვედრა ჩაატარა და ორივე წააგო. ძირითად ბადეში გამოსვლა პირველსავე წრეში დაასრულა, ამერიკელ მიშელ სტივენ მაკკისთან მარცხით (9:11). მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა, ბოლქვაძე დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო, მაგრამ იქ იაპონელ ჰირომუ საკაკისთან წაიფორხილა (2:5).
დღესვე, მედლები 50 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გათამაშდა, მაგრამ ამ წონაში საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ჰყავდა.
ხვალ საპრიზო სამეულები თავისუფალი ჭიდაობის დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში შეივსება. საქართველოს სახელით ხალიჩაზე გავლენ: რობერტ დინგაშვილი (55 კგ), ივერიკო ჯულაყიძე (66 კგ), ზაურ ბერაძე (84 კგ) და ზურიკო ურთაშვილი (120 კგ).
მსოფლიოს ჩემპიონატი
თავისუფალი ჭიდაობა
ახალგაზრდები
ტამპერე
1 აგვისტო
50 კგ
1 შაჰინ მუხტაროვი (აზერბაიჯანი)
2 კარენ ზურაბიანი (სომხეთი)
3 ნასანბუიან ნარმანდახი (მონღოლეთი)
3 აკბარ კენჟებეკ ულუ (ყირგიზეთი)
60 კგ
1 აბდულა ახმედოვი (რუსეთი)
2 მიშელ სტივენ მაკკი (აშშ)
3 ჰირომუ საკაკი (იაპონია)
3 იონეს ალიაკბარ ემამიჩოგაეი (ირანი)
74 კგ
1 მარკ ჯონ ჰოლი (აშშ)
2 ისა შაპიევი (უზბეკეთი)
3 მოჰამად მოტაგინია (ირანი)
3 ვეერ დევ გულია (ინდოეთი)
96 კგ
1 შამილ მუსაევი (რუსეთი)
2 გივი მაჭარაშვილი (საქართველო)
3 კოლინ მური (აშშ)
3 იბრაჰიმ ჩიფჩი (თურქეთი)