ფეხბურთი

16:35 | 1.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს პატიმრობა ემუქრება

კრიშტიანუ რონალდუს პრობლემა ესპანეთის საგადასახადო სამსახურთან, პორტუგალიელი ვარსკვლავისთვის უფრო დიდი საფრთხისშემცველი გამოდგა, ვიდრე თავიდან ჩანდა. ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის “რეალის” ფორვარდს, შესაძლოა, ჯარიმის გადახდა და პირობითი სასჯელი არ აკმარონ და მას რეალურად მოუწიოს ციხეში ჩაჯდომა.

როგორც ცნობილია, რონალდუს ესპანეთში, 2011-2014 წლებში, საგადასახადო სამსახურისთვის 14,7 მილიონი ევროს ოდენობის თანხის დაფარვას ედავებიან. ფეხბურთელის სასამართლო პროცესი ორშაბათს გაიმართა და მართალია, კრიშტიანუმ მისი დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ ისურვა, მოგვიანებით მისი განცხადების ნაწილი გავრცელდა, სადაც ის ამბობს, რომ უდანაშაულოა და მის დასჯას მხოლოდ იმიტომ ცდილობენ, რომ კრიშტიანუ რონალდუა.

თუმცა, ესპანური პრესის ინფორმაციით, საქმე ასე მარტივად არაა, ბრალდების მხარეს მყარი მტკიცებულებები აქვს და პორტუგალიელს, დიდი ოდენობით ფულადი ჯარიმის გარდა, 7-წლიანი პატიმრობა ელის, თუკი ის სამართალდამცავ ორგანოებთან საერთო ენის გამონახვას ვერ შეძლებს. ამისათვის კი, პირველ ყოვლისა ბრალის აღიარება მოუწევს.

0.118092