ფეხბურთი

12:06 | 1.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მსაჯის შეცდომაში შეყვანისთვის

ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ფეხბურთში დამკვიდრებული მავნე ჩვევის წინააღმდეგ საბრძოლველად ზომებს ამკაცრებს. ახალი სეზონიდან ნისლიან ალბიონზე ფეხბურთელებს მსაჯის შეცდომაში შეყვანისთვის ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯიან.

ამ ეტაპზე საუბარია ისეთ შემთხვევებზე, როცა მოთამაშის მხრიდან სიმულაციას მოწინააღმდეგის კარში პენალტის დანიშვნა ან მეტოქის გაძევება მოჰყვება. სადავო ეპიზოდებს თამაშის შემდეგ სპეციალური კომისია განიხილავს, რომელიც სამი სპეციალისტით იქნება დაკომპლექტებული - ყოფილი ფეხბურთელი, ყოფილი მწვრთნელი და ყოფილი მსაჯი. თუკი კომისიის სამივე წევრი ჩათვლის, რომ კონკრეტულ ეპიზოდში ფეხბურთელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სიმულაციას, დამნაშავეს მომდევნო ორი მატჩის გამოტოვება მოუწევს. ამასთან, მეტოქის მხრიდან სიმულაციის ეპიზოდში მიღებული წითელი ბარათები გაუქმდება, გაფრთხილება კი - არა.

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის მიერ დამტკიცებული წესი ძალაში სეზონის დაწყებისთანავე შევა.

0.142317