ფეხბურთი

23:35 | 31.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

სხირტლაძემ ყოფილ გუნდთან მოიგო, ანანიძეს კვლავ არ ენდობიან

დანიის სუპერლიგაში დავით სხირტლაძის "სილკებორგმა" შინ 2:1 მოუგო "ორჰუსს" და სამი ტურის შემდეგ სამი ქულა აქვს. სხირტლაძემ მშვენივრად ითამაშა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ, გადამწყვეტი გოლი მისი პასით გავიდა და საერთოდაც, ერთ-ერთი საუკეთესო იყო მინდორზე. ბოლოს გაფრთხილებაც მიიღო.

პოლონეთში "კორონამ" 4:2 სძლია "კრაკოვიას", მაგრამ როგორც უკვე ვწერდით, ნიკა კაჭარავა ტრავმირებულია. ნიკას მუხლი აწუხებს და ხუთშაბათს დაიწყებს გუნდთან ერთად ვარჯიშს. აი, თამაშს როდის შესძლებს, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.

რუსეთის პრემიერლიგაშიც, "სპარტაკი"-"კრასნოდარი" (2:0) ქართველების გარეშე ჩატარდა. ჯანო ანანიძე განაცხადში იყო და კვლავაც უთამაშებელი დარჩა, ისევე როგორც წინა ორ ტურში. კრასნოდარელთა შორის კი თორნიკე ოქრიაშვილი ვერ ითამაშებდა, რადგან ტრავმირებული გახლდათ და დიდი ხანი არაა, რაც გუნდს შეუერთდა.

შვედეთის უმაღლეს ლიგაში მუდმივი პრაქტიკა აქვს ზურაბ ცისკარიძეს, თუმცა საკმაოდ სუსტ გუნდშია: "ესკილსტუნამ" ამჯერადაც წააგო (შინ "დიურგარდენთან" 1:2) და ბოლო პოზიციაზეა. ცისკარიძემ შეუცვლელად ითამაშა.

0.114249