ფეხბურთი

22:50 | 29.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ასეც ხდება - არველაძეს "დინამოსთვის" კი არა, "დინამოს" კარში გააქვს

გიორგი დევდარიანის გაწვრთნილმა "ლოკომოტივმა" ამ სეზონში მეორედ მოუგო თბილისის "დინამოს". ორი ლამაზი გოლი გაიტანა ვატო არველაძემ, ხოლო ერთიც თავურით მიამატა გიორგი ხიდეშელმა. "დინამოდან" ბექა მიქელთაძემ შეაგდო პენალტით, რომელიც თავადვე მოინადირა. 3:1 - "ლოკო" მეოთხე ადგილზე დაბრუნდა.

მე-17 წუთი იყო, არველაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტი დარტყმით რომ გახსნა ანგარიში. მანამდე ორი წუთით ადრე დავით სამურკასოვის აქტიურობას მოჰყვა საჯარიმო და გიორგი გოროზიამ ოდნავ ააცილა.

ვატო არველაძე გატანილი გოლიდან რვა წუთის შემდეგ შეცდა, როცა საკუთარ საჯარიმოში ბურთი ვერ შეიმაგრა, მიქელთაძეც გავიდა გარღვევაზე და ხიდეშელს წესები დაარღვევინა. პენალტი მიქელთაძემ შეასრულა და 1:1.

თანაბარი თამაში იყო. უნდა ითქვას, ორივე გუნდი ბევრს სცოდავდა და ელემენტარულ სიტუაციებში კარგავდნენ ბურთს. ვატო არველაძის მეორე გოლი მშვენება იყო - სწრაფი კონტრშეტევის მერე, საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი, დავით კობოური მოატყუა, პოზიცია მოუგო და დარტყმაც კარგი გამოუვიდა.

ასეც ხდება, არველაძემ "დინამოსთვის" კი არა, "დინამოს" კარში გააქვს გოლები. იმედია, ვატო პროგრესს გააგრძელებს. 19 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს. მეტი სტაბილურობაა საჭირო.

"ლოკოს" სასტარტოში პირველად ითამაშა ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა - 18 წლის მცველმა მშვენიერი შთაბეჭილება დატოვა. უშეცდომო ჩაატარა შეხვედრა. მეორე ტაიმის დასაწყისში შესაცვლელი გახდა, რადგან ფეხი იტკინა.

კახა კაჭარავას გუნდი კი, რა შედარებაა, პირველ-მეორე წრეში უკეთესი გუნდი იყო. წამყვანი ფეხბურთელები უცხოეთში წავიდნენ, ამასთან, ოთარ კიტეიშვილი და ლუკა ლოჩოშვილი დაშავებულები არიან.

ეროვნული ლიგა. მე-20 ტური

29 ივლისი. თბილისი. მიხეილ მესხი-2

ლოკომოტივი (თბილისი) - დინამო (თბილისი) 3:1 (1:1)

ლოკომოტივი: თევდორაძე, ჩიტეიშვილი, ჭანტურია, ხიდეშელი, ანდრონიკაშვილი (რეხვიაშვილი 54), ქავთარაძე, სამურკასოვი, კიკნაძე, გოროზია (დიასამიძე 51), არველაძე (კიკაბიძე 73), სიხარულიძე

დინამო: რევიშვილი, თოთაძე, კობოური, სალუქვაძე, გეგეჭკორი, ქარდავა (ნინუა 83), კუცია (კოვტალიუკი 57), შულაია, ჩაკვეტაძე, თევზაძე (ქოჩლაძე 70), მიქელთაძე

გოლები: 1:0 არველაძე (17), 1:1 მიქელთაძე (25 პენ), 2:1 არველაძე (56), 3:1 ხიდეშელი (82)

გაფრთხილება: სამურკასოვი (64), კიკნაძე (68), თოთაძე (73)

მსაჯი: ვადაჭკორია

0.378479