საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი კიცბუელში გასამართი ავსტრიის ღია ჩემპიონატის პირველ წრეში სებასტიან ოფნერს შეხვდება. ქართველის მეტოქე ტურნირზე ველური ბარათის მეშვეობით მოხვდა. ავსტრიელი ჩოგბურთელი მსოფლიოს რეიტინგში 155-ე ადგილზეა.
ოფნერი 21 წლისაა და წლეულს ყველაზე კარგად უიმბლდონის ტურნირზე იასპარეზა, სადაც სამი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა, პირველ წრეში ჯეკ სოკი დაამარცხა და შემდეგ კი ალექსანდრ ზვერევის ბარიერი ვერ დაძლია.
ნიკოლოზ ბასილაშვილის პროგრამა მინიმუმი აღნიშნულ ტურნირზე ფინალში გასვლაა, რადგან შარშან გადამწყვეტ მატჩში ითამაშა და ქულები დასაცავი აქვს. უიმბლდონზე სემ ქუერისთან წაგების შემდეგ, ქართველმა ბედი ბასტადსა და ჰამბურგში გამართულ ტურნირებზე სცადა, თუმცა ორივეგან პირველივე წრეში დამარცხდა. იმ შემთხვევაში, თუ ნიკოლოზი ოფნერის ბარიერს გადალახავს, შემდეგ ეტაპზე ჩემპიონატის პირველ ნომერ პაბლო კუევასს დაუპირისპირდება.
ქართველის და ავსტრიელის დაპირისპირება 31 ივლისს 13 საათზე დაიწყება, თუმცა, ეს დრო შეიძლება სატურნირის მიზეზების გამო შეიცვალოს.