ჭიდაობა

13:30 | 29.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარიამ კარელიძემ ევროპაში ქართული ანგარიში გახსნა

საქართველოს მოჭიდავე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული მედალი მოიპოვა. 40 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე მარიამ კარელიძე კონტინენტის პირველობის ბრინჯაოს პრიზიორია.

სარაევოში მიმდინარე ევროპირველობაზე კარელიძემ სამი შეხვედრა ჩაატარა. შეჯიბრება ბელარუს ვალერია იაკუტასთან მოგებით (6:0) გახსნა. ნახევარფინალში ფრანგ ჟუსტინ ფანი ვიგორუსთან შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა და დამატებითი მაჩვენებლის გათვალისწინებლით გამარჯვება ფრანგმა მოიპოვა. მარიამ კარელიძე კი რეპეშაჟის ფინალში გადაერთო და ბრინჯაოს მედალი უკრაინელი მარია კოვალენკოს ძლევით (8:2) მოიპოვა.

გოგონებს შორის ევროპირველობა უკვე დასრულდა. დღეს და ხვალ კი საპრიზო სამეულები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკებს შორის უნდა შეივსოს. ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში წინასწარი ეტაპის შეხვედრები უკვე გაიმართა და ოთხ წონაში ქართველები მედლებისთვის აგრძელებენ ბრძოლას.

გიორგი შოთაძემ (58 კგ) წინასწარი ეტაპები წაუგებლად ჩაამთავრა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს ერთადერთი გამარჯვება აშორებს. დიმიტრი ხაჩიძე (42 კგ), აკაკი ოსიაშვილი (50 კგ) და ლუკა ხუციშვილი (85 კგ) კი დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთნენ. ხაჩიძე და ოსიაშვილი უკვე რეპეშაჟის ფინალში არიან.

შოთაძემ ფინალის გზაზე ოთხი მეტოქე ჩამოიშორა: პოლონელი კჟიშტოფ სტეფანი (11:0), უნგრელი რაიმუნდ ფარკაში (4:1), სომეხი აშოტ კირაკოსიანი (5:2) და აზერბაიჯანელი ჰასან მამადლი (4:1). გადამწყვეტ ბრძოლაში კი თურქ მუსტაფა საფა ილდირიმს დაუპირისპირდება.

დიმიტრი ხაჩიძე "ბრინჯაოს ფინალში” რუს ისლამ კიმბაროვსა და უკრაინელ გენადი ზავერტაილოს შორის გამარჯვებულს დაეჭიდება. აკაკი ოსიაშვილი – ხორვატი ტომისლავ დურიჩისა და რუმინელი მანუელ სტოიცას წყვილში უძლიერესს. ლუკა ხუციშვილი კი რეპეშაჟის ნახევარფინალშია და მისი მეტოქე ლიტველი ბუკაუსკასისა და უკრაინელი ვალენტინ კირალაზის შეხვედრაში უნდა გამოვლინდეს.

0.134623