"კროკო ბეთმა" საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მხარდამჭერი ფანკლუბი ჩამოაყალიბა. ამასთან დაკავშირებით, დღეს, "კროკო ბეთის" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარატამენტის უფროსმა თამარ ქვილითაიამ, ასევე ამ ფანკლუბის იდეის ავტორებმა - ჟურნალისტმა ზურაბ თალაკვაძემ და ცნობილმა საკალათბურთო მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ პრესკონფერენცია გამართეს.
აღნიშნული ღონისძიება კაფე-ბარ "ბურგერ კლასიკოში" გაიმართა და მას ესწრებოდნენ ვეტერანი კალათბურთელი რამაზ გოგობერიშვილი და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ აბაიშვილი.
ფანკლუბს საქართველოს ნაკრების თამაშების ყურება კაფე-ბარ "ბურგერ კლასიკოში" შეეძლება, რომელიც ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს. რაც შეეხება მასში გაწევრიანებას:
"რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება უკვე ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. 25 სექტემბრიდან შეეძლებათ გულშემატკივრებს დარეგისტრირება. რეალურად სწორედ ამ დროიდან უფრო გავაქტიურდებით ამ მიმართულებით. თუმცა, მანამდე ფანებს კაფე-ბარ "დისქავერიში" შეუძლიათ მობრძანდნენ და უქომაგონ საქართველოს ნაკრებს", - განაცხადა ზურა თალაკვაძემ.
"კროკო ბეთის" ძირითადი მიმართულება სპორტული კოეფიციენტებია. ჩვენი მთავარი მოტივაცია ყოველთვის არის ის, რომ მხარი დავუჭიროთ ქართულ სპორტს, ამ შემთხვევაში ქართულ კალათბურთს. უნდა გავამხნევოთ ჩვენი ბიჭები, რომლებიც იასპარეზებენ ევროპის ჩემპიონატზე და ასევე, გულშემატკივარი, რომელიც ყოველთვის დამატებითი ძალაა. გადავწყვიტეთ, უზრუნველვყოთ ჟურნალისტ ზურა თალაკვაძის ნაკრებთან ერთად გამგზავრება. ის გააშუქებს ევროპის ჩემპიონატს და რა თქმა უნდა, ნაკრებს მხარდამჭერად გაჰყვებიან ფანკლუბის წევრები, რომლებისთვისაც ვიზუალური იმიჯის შექმნაზე ვიზრუნეთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი დაეხმარება გუნდს წარმატებით იასპარეზოს ევროპის ჩემპიონატზე", - თქვა თამარ ქვილითაიამ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში 31 აგვისტოს დაიწყება. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ითამაშებს, ხოლო მისი მეტოქეები უკრაინა, ისრაელი, ლიტვა, იტალია და გერმანია იქნებიან. ქართველები ევრობასკეტზე პირველ მატჩს 31 აგვისტოს, თელ-ავივში ლიტვასთან გამართავენ, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას - 6 სექტემბერს, იტალიასთან.