ფეხბურთი

12:48 | 28.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა პირლო: "იტალიური ფეხბურთი დიდ უფსკრულშია"
"მილანში" დარჩენა შემეძლო, თუმცა ახალი გამოწვევა მჭირდებოდა"

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა პირლო კარიერის მიწურულშია და შესაბამისად, ფართო საზოგადოების წინაშე ხშირად გამოჩენა არ უწევს. “ნიუ იორკ სიტის” 38 წლის ნახევარმცველს იტალიურმა გამოცემა La Repubblica-მ ინტერვიუ ჩამოართვა. ვეტერანის თქმით, იტალიური ფეხბურთი ღრმა კრიზისშია და სხვებისთვის კონკურენციის გაწევა უახლოეს მომავალში გაუჭირდება.

საუბარი კი “იუვენტუსისა” და ლეონარდო ბონუჩის განშორების თემით დაიწყო:

“იუვენტუსი” ისევ ისეთი ძლიერი იქნება. ბონუჩი წავიდა, მაგრამ მოვიდნენ დუგლას კოშტა, ფედერიკო ბერნარდესკი და ვოიცეხ შჩესნი. დიდი შანსია, ახალი ფეხბურთელები კიდევ დაიმატონ”.

- კიელინიმ განაცხადა, რომ “იუვენტუსს” ბონუჩი დააკლდება, როგორც ადამიანი, მაგრამ არა როგორც ფეხბურთელი...

- ბონუჩი “მილანს” დიდ ქარიზმას შემატებს და მოუტანს საერთაშორისო გამოცდილებას. “იუვენტუსს” კი მისი ტექნიკური არსენალი დაცვაში და ბურთთან თამაში ნამდვილად დააკლდება.

- ბონუჩიმ ტურინი ალეგრის გამო დატოვა. ისევე, როგორც თქვენ - “მილანი”?

- არ ვიცი, რა მოხდა მათ შორის, მაგრამ მე “მილანიდან” ალეგრის გამო არ წავსულვარ. კონტრაქტი მეწურებოდა და კარიერაში ახალი გამოწვევის მიღება მსურდა. შემეძლო “მილანში” დარჩენაც, თუმცა ვგრძნობდი, რომ ერთი ეტაპი უნდა დამესრულებინა.

- “მილანი” სკუდეტოსთვის იბრძოლებს?

- არ მგონია. როდესაც იწყებ ნულიდან, ყიდულობ ათ ფეხბურთელს, რთულია, დაუყოვნებლივ წარმატებას მიაღწიო. შეთამაშებას დრო დასჭირდება, მონტელას კი რთული სამუშაოს გაწევა მოუწევს. ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა მთავარი მიზანი იქნება.

- შეიძლება, ეს წელი “ნაპოლის” იყოს?

- ყოველ წელს ამბობენ, რომ “ნაპოლი”, “რომა” და სხვები კარგად ითამაშებენ, მაგრამ ყველამ ვიცით, როგორ სრულდება სეზონი...

- მოგენატრათ იტალიური ფეხბურთი?

- არა. მე იქ დარჩენის არანაირი სურვილი არ მქონდა. ახალი თავგადასავალი მჭირდებოდა.

- შეუძლია სერია A-ს ახლო მომავალში უმაღლეს დონეზე დაბრუნება?

- ეს შეუძლებელია მინიმუმ 10 წლის განმავლობაში. იტალიური ფეხბურთი ვერ უწევს კონკურენციას დანარჩენებს, მაგალითად ინგლისს. იტალიაში არც ფულია, არც ინფრასტრუქტურა და საერთოდ, დიდი უფსკრულია.

- ითამაშებთ 40 წლამდე, როგორც ფრანჩესკო ტოტი?

- “ნიუ იორკ სიტისთან” კონტრაქტი დეკემბერში მეწურება. უკვე ვფიქრობ მომავალზე: არ ვიცი, მენეჯერი ვიქნები თუ მწვრთნელი, მაგრამ ფეხბურთში აუცილებლად დავრჩები. ყოველთვის ამ საქმეს ვაკეთებდი და სხვა არაფერი შემიძლია.

- თქვენს კარიერაში ყველაზე მეტად რაზე გწყდებათ გული, “ოქროს ბურთზე”?

- არა, გული არაფერზე მწყდება. ყველაფერი მოვიგე. ყოველთვის თავად ვიღებდი გადაწყვეტილებას, სად წავსულიყავი, სად მეთამაშა. დღეს ასეთი რამ ხშირად არ ხდება.

0.118736