სარაევოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საპრიზო სამეულები ათივე წონით კატეგორიაში შეივსო. საქართველოს ნაკრებმა კი ხუთ წონაში მოიპოვა მედალი და საერთო გუნდურ ჩათვლაში 29 ქვეყნის ნაკრებს შორის მე-4 ადგილი დაიკავა.
თანაგუნდელების გუშინწინდელ მონაგარს - გიორგი ჭოლაძის (42 კგ) ოქროსა და თორნიკე ქათამაძისა (58 კგ) და დავით ქოჩქიანის (85 კგ) ბრინჯაოებს გუშინ გიორგი გეგელაშვილმა (46 კგ) ოქრო მიამატა, ხოლო ვლადიმერ გამყრელიძემ (54 კგ) - ვერცხლი.
გიორგი გეგელაშვილმა ფინალის გზაზე სამი მეტოქე ჩამოიშორა: მაკედონიელი აიდ სალიასი (14:1), აზერბაიჯანელი აშრაფ კარიმზადა (4:0) და სომეხი არაქელ მოვსესიანი (5:1). გადამწყვეტ შეხვედრაში კი რუსეთის ნაკრების წევრ მაგომედ აბდურახმანოვს აჯობა (5:2).
ვლადიმერ გამყრელიძეს უმაღლეს ტიტულამდე ერთი მოგება დააკლდა - ფინალში უკრაინელ ანდრეი ზელეპთან დამარცხდა (0:4). იქამდე ქართველმა მოჭიდავემ სამ მეტოქეს სძლია: შვეიცარიელ ფლორინ ანდრეა მეიერს (10:0), საფრანგეთის ნაკრების წევრ ადამ ბიბულატოვს (9:2) და თურქ ჰამზა ალაჩას (9:8).
წინასწარი ეტაპის შეხვედრების შემდეგ, გუშინ მედლისთვის ბრძოლას კიდევ ერთი ქართველი აგრძელებდა - გიორგი ელბაქიძე (63 კგ) მერვედფინალიდან რეპეშაჟში გადაერთო და პირველ მეტოქეს მაკედონიელ ორხან ჰაფერის 10:0 მოუგო. გერმანელ ტინო რეტინგერთან შეხვედრა კი ფრედ - 4:4 დაასრულა და დამატებითი მაჩვენებლის გათვალისწინებით, ბრინჯაოსთვის ბრძოლა რეტინგერმა გააგრძელა.
გუშინვე, ევროკონკურენციაში გოგონები ჩაებნენ. საქართველოს ნაკრების წევრთაგან კი თამარ ხოჯაშვილმა (56 კგ) იჭიდავა და შეჯიბრებას მერვედფინალში პოლონელ აგნეშკა მიტკოვსკასთან წაგებით (2:8) გამოეთიშა.
დღეს ხალიჩაზე მხოლოდ გოგონები გავლენ. მათ შორის, მარიამ კარელიძეც, რომელიც 40 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქმეში მეოთხედფინალიდან ჩაებმება, ბელარუს ვალერია იაკუტასთან შეხვედრით.