კალათბურთი

0:23 | 27.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა 4 მოთამაშით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა 4 კალათბურთელით შემცირდა. სლოვენიური შეკრება სრულდება და ნაკრები 28 ივლისს ავსტრიაში, ამხანაგური მატჩის გასამართად მიემგზავრება, სადაც ჩვენი გუნდი 14 კალათბურთელით ჩავა. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, შეკრება დატოვეს და დღეს თბილისში გამოემგზავრნენ ნოდარ გოგოძე, ოთარ ფხაკაძე, კახა ჯინჭარაძე და გიორგი შარაბიძე.

ეს კალათბურთელები ზუროსმა 25 ივლისს, რუსეთის სტუდენტურ ნაკრებთან არ ათამაშა. მატჩის შემდეგ ბერძენი მწვრთნელი ზემოთ ჩამოთვლილ კალათბურთელებს ესაუბრა, შეკრებაზე გამოჩენილი მონდომებისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

ჯინჭარაძემ, შარაბიძემ, ფხაკაძემ და გოგოძემ პოდჩეტრტეკი 26 ივლისის შუადღეს დატოვეს. ბიჭები ნაკრების კალათბურთელებმა და მწვრთნელებმა გააცილეს. ეროვნულ ნაკრებში დღესდღეობით 14 კალათურთელია: გიორგი ცინცაძე, გიორგი გამყრელიძე, მაიკლ დიქსონი, მანუჩარ მარკოიშვილი, ბესო ლეჟავა, დუდა სანაძე, ანატოლი ბოისა, მიხეილ ბერიშვილი, თორნიკე შენგელია, ილია ლონდარიძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, ბექა ბექაური და გოგა ბითაძე.

ამ შემადგენლობით ნაკრები ობერვარტში 28 ივლისს ჩავა და 12 მათგანი ავტრიასთან მატჩის განაცხადში დაიკავებს ადგილს. გაფართოებული შემადგენლობიდან კიდევ ვინ დატოვებს ნაკრებს და როდის, ამას მწვრთნელთა შტაბი ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით გადაწყვეტს. ეროვნულ გუნდს 7 აგვისტოს, თბილისში დაბრუნები შემდეგ ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია შეუერთდება.

gbf.ge

0.125827