საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების წევრი გიორგი ჭოლაძე (42 კგ) ევროპის ჩემპიონატის ფინალშია. თორნიკე ქათამაძე (58 კგ) და დავით ქოჩქიანი (85 კგ) კი რეპეშაჟის ფინალში იჭიდავებენ.
სარაევოში გუშინ დაწყებულ ევროპირველობაზე, საქმეში პირველები 42, 50, 58, 69 და 85 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავეები ჩაებნენ. საქართველოს მონაწილე ხუთივე წონაში ჰყავდა და დღეს გასამართ ფინალურ ბლოკში ჭიდაობის უფლება ზემოთ ჩამოთვლილმა სამეულმა მოიპოვა.
გიორგი ჭოლაძემ (42 კგ) ფინალის გზაზე ბულგარელი ისმაილ მეჰმედოვ პომაკოვი (12:1) და თურქი ფურკან უჩოლუკი (10:6) ჩამოიშორა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი აზერბაიჯანელ ტოფიგ ალიევს დაუპირისპირდება.
თორნიკე ქათამაძემ (58 კგ) უმაღლესი ტიტულისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი ნახევარფინალში დაკარგა, ბერძენ გეორგიოს პილიდისთან წაგებით (1:8). იქამდე სამი ეტაპი დაძლია - მოუგო შვედ კევინ მაკოტა შტროემს (10:0), მაკედონიელ დავიდ მიშევს (10:0) და თურქ ტოლგა აკიუზს (15:9). "ბრინჯაოს ფინალში" კი პოლონელ იაკუბ ფლორიან მაკუჩსა და ბულგარელ დიმიტარ ატანასოვ ანგელოვს შორის მოგებულს დაეჭიდება.
დავით ქოჩქიანმა (85 კგ) ბულგარელ ცვეტან დანიელოვ ევტიმოვსა (11:0) და მოლდოველ ივან ნედეალკოს (9:0) სძლია და ძირითად ბადეში გამოსვლა, ქათამაძის მსგავსად, მანაც ნახევარფინალში დაასრულა, რუსეთის ნაკრების წევრ ალიკ შებზუხოვთან მარცხით. რეპეშაჟის ფინალში ქოჩქიანი მაკედონიელ კადრი კამბერისა და უკრაინელ დანილოსტასიუკს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
გუშინ საქართველოს ნაკრების წევრთაგან ევროკონკურენციაში დიმიტრი სალდაძე (50 კგ) და გიორგი მუზაშვილიც (69 კგ) ჩაებნენ, მაგრამ ჩემპიონატს ორივე პირველივე წრიდან გამოეთიშა. დიმიტრი სალდაძე თურქ დოგან კარასთან დამარცხდა (2:11), ხოლო გიორგი მუზაშვილი - სომეხ დავით გრიგორიანთან (1:8).
დღეს, ფინალური ბლოკის შეხვედრების დაწყებამდე, ხალიჩები თავისუფალი სტილის დარჩენილი ხუთი წონითი კატეგორიის მოჭიდავეებს დაეთმობათ. საქართველოს სახელით იჭიდავებენ: გიორგი გეგელაშვილი (46 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (54 კგ), გიორგი ელბაქიძე (63 კგ), ლაშა ბაირამოვი (76 კგ) და ჭაბუკი გამყრელიძე (100 კგ).