საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი "მონაკო" კილიან მბაპეს გარშემო შექმნილი სიტუაციით აღშფოთებულია. ახალგაზრდა ფეხბურთელით ევროპული გრანდები არიან დაინტერესებული და როგორც "მონაკოს" განცხადებაშია ნათქვამი, ევროპული კლუბები ლიგა 1-ის ჩემპიონს მბაპეს ტრანსფერის შესახებ არაფერს ეკითხებიან.
"მონაკო" სინანულით გატყობინებთ, რომ წამყვანი ევროპული კლუბები კილიან მბაპეს და მის გარემოცვას ჩვენს გარეშე უკავშირდებიან. "მონაკოს" სურს შეგახსენოთ, რომ ასეთი საქციელი საფრანგეთის საფეხბურთო ლიგის 211-ე მუხლს და ფიფას სტატუსისა და სატრანსფერო რეგულაციის 18.3-ე მუხლს ეწინააღმდეგება. ასეთი მდგომარეობის დასასრულებლად, "მონაკო" ფიფასგან და საფრანგეთის ფეხბურთის ლიგისგან აღნიშნული კლუბების სამართალდამრღვევების წინააღმდეგ დისციპლინარული პროცედურების დაწყებას მოითხოვს." - ნათქვამია საფრანგეთის ჩემპიონის ოფიციალურ ვებგვერდზე.
კილიანი "მონაკოს" აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2016 წელს დააწინაურეს. გასულ სეზონში შემტევმა 44 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 26 გოლი და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა. აქედან ჩემპიონთა ლიგაზე ფეხბურთელმა მეტოქეთა კარი 6-ჯერ დალაშქრა.
აღნიშნული შედეგიდან გამომდინარე მბაპეს სატრანსფერო ღირებულება 1.5 მილიონი ევროდან 35 მილიონამდე გაიზარდა. ასევე, კილიანი დიდიე დეშამმა ეროვნულ გუნდში იხმო და 2017 წლის 25 მარტს ლუქსემბურგის წინააღმდეგ ათამაშა. სულ "მამლების" რიგებში მბაპემ 4 შეხვედრაში თავი 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.