ფეხბურთი

17:30 | 20.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

სიმწრის სიცილის ნაკვალევზე
ვის უხარია ჩვენი წაგება და ვინ ვნებს ქართულ ფეხბურთს

“ვულოცავ იმ ადამიანებს, რომელთაც დღეს “სამტრედიას” მარცხი გაუხარდა. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებში ქართველებიც შედიან”, - ასე დაიწყო “ყარაბაღთან” მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია საფებურთო კლუბ “სამტრედიას” მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ.

როგორც აღმოჩნდა, ბატონი გია “მსოფლიოს სპორტის” რედაქციის წევრებსაც გულისხმობდა იმ ადამიანებში, რომლებსაც თურმე ქართული კლუბების, ამ შემთხვევაში კი, “სამტრედიას” წარუმატებლობა ახარებს...

იმის მტკიცება, რომ აქლემი არ ხარ, თავისთავად არასასიამოვნო პროცესია. ჩვენს ქვეყანაში იმდენი სერიოზული პრობლემაა, რომ ამდაგვარ “მხილებაზე” წესით სერიოზული რეაქცია არც უნდა გქონდეს, მაგრამ... არაფერს იტყვი და მართლა აქლემად ჩაგთვლიან...

ცეცაძის ციტატას დავუბრუნდეთ: “მსოფლიო სპორტმა” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჩემი ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ვიღიმი. ამით შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს “ყარაბაღთან” 0:5 წაგებით კმაყოფილი ვიყავი. არ ვიცი, ეს უნებურად გააკეთეს თუ განზრახ, მაგრამ ადამიანური ფაქტორია... ღმერთი დასჯის იმ ადამიანებს, ვინც ეს განზრახ გააკეთა. და, თუ უბრალოდ შეეშალათ, მაშინ შეუძლიათ ბოდიში მომიხადონ. სამწუხაროა, მაგრამ საქართველოშიც არსებობს ხალხი, ჩვენი წარუმატებლობა რომ ახარებს”.

მივყვეთ თანმიმდევრობით:

1. ამგვარი ფოტო მართლაც გამოქვეყნდა WORLDSPORT.GE-ზე, თუმცა, იქ ბატონი გია არათუ იღიმის, კარგა გვარიანად იცინის. და რა მერე? რისი თქმა გსურთ ბატონო გია, რომ WORLDSPORT.GE-ის მკითხველს იმდენად შეზღუდული აქვს აღქმისა და აზროვნების უნარი, ვერ ხვდება 0:5-ით რომ უკმაყოფილო ხართ? და რომ ეს ფოტო პირველი მატჩის შედეგთან არანაირ კავშირშია? ან კი სად წერია, რომ ცეცაძე აღფრთოვანებულია დიდი ანგარიშით წაგებით? ამგვარი შინაარსის მინაწერი აქვს ფოტოს თუ რა გაქვთ მხედველობაში?

2. ინფორმაციას, რომელიც წინასამატჩო პრესკონფერენციას ეხებოდა და რომელსაც დართული ჰქონდა ეს ფოტო, ამგვარი სათაური აქვს - გია ცეცაძე: “ჩვენი მიზანი მეორე მატჩში გამარჯვებაა”. აი, ამ გამონათქვამს კი ნამდვილად ესადაგება სიცილნარევი ფოტო – მწარე სიცილნარევი ფოტო (ტერმინი “სიმწრის სიცილი” ალბათ გაგიგიათ) და ეს მხოლოდ თქვენ და “სამტრედიას” ნამდვილად არ გეხებათ – აგერ უკვე ლამის 25 წელია, რაც ქართული კლუბები და ეროვნული ნაკრები საერთაშორისო დონეზე მხოლოდ არაფრისმომცემ მატჩში გამარჯვებაზე თუ გამოთქვამს პრეტენზიას. და ეს უკვე იმდენადაა ამოსული ყელში, რომ მწარედ თუ გაგეცინება კაცს, როდესაც მორიგ “მიზანზე” გესაუბრებიან.

3. უცოდველი არავინ ვართ და ღმერთისგან მცირე თუ დიდი სასჯელი ყველას გველის, თუმცა, რატომღაც გვგონია, რომ ამ ფოტოს გამომქვეყნებლებზე მეტად, ღვთიურიც და იმედია, ამქვეყნიურ-სამართლებრივი სასჯელი იმათ უფრო ელით, ქართული ფეხბურთი ამ მდგომარეობამდე რომ მიიყვანეს. მაგალითად, სხვა და სხვა პერიოდის ფედერაციის წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გადმორიცხულ, ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ან კიდევ ნაკრებების ატრიბუტიკისთვის გამოყოფილ თანხებს რომ ყლაპავდნენ; ბავშვთა ფეხბურთში “მოღვაწე” ზოგიერთი “სპეციალისტი” მხოლოდ ქრთამის სანაცვლოდ რომ აწინაურებდა (აწინაურებს) გუნდში ბავშვებს, მათ შორის ე.წ. “გადაზრდილებს”; გაყიდულ თამაშებში რომ მონაწილეობენ და ამას, ჩვენთან, ბავშვობიდან რომ ასწავლიან...

შიდა საფეხბურთო სამზარეულოში ჩახედული ხალხისთვის (მათ შორის თქვენთვის, ბატონო გია) ამგვარი და სხვა მაგალითებიც საკმარისზე მეტად უნდა იყოს ცნობილი და ღვთიური სასჯელით ჯობს მათ შემოქმედებს დამუქრებოდით. თანაც, ამგვარი სარეველა ხალხის ხამობიდან და აქტიურობიდან გამომდინარე, გაცილებით ხშირად მოგეცემათ ამის საშუალება. თქვენგან მხოლოდ სურვილი და ნებაა საჭირო...

4. ბოდიშის მოხდა ჩვენი რედაქციისთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, როცა ნამდვილად მოსახდელია. ხშირად არა, მაგრამ რამდენჯერმე ამგვარ სიტუაციაში აღმოვჩენილვართ და ოფიციალური ბოდიში გამოგვიქვეყნებია. თუმცა, ამ შემთხვევაში თქვენ უფრო გაქვთ ბოდიში მოსახდელი, რადგან “მსოფლიო სპორტის” რედაქციას პირდაპირ დააბრალეთ, რომ ქართული კლუბის წარუმატებლობა ახარებს. პირიქით რომაა, ეს ჩვენმა მკითხელმა მშვენივრად იცის და საპირისპიროს დასამტკიცებლად (თუ ამ საუბრის გაგრძელებას ისურვებთ) კონკრეტული მაგალითების მოყვანასაც არ დაგზარდებით...

და ბოლოს – ძალიან სამწუხაროა, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ქართულ სპორტში მოღვაწე ხალხი (მათ შორის მართლაც კარგი სპორტსმენები, მწვრთნელები თუ ფუნქციონერები) არ იშლის ჟურნალისტების უსამართლოდ დადანაშაულებას, წარუმატებლობის შემდეგ მათზე აქცენტის გადატანას და ზოგადად “აქლემის როლში” გამოყვანას. ჩვენც ვიცით, რომ ანგელოზები არ ვართ (არცაა ეგ ჩვენი საქმე) და ზოგიერთი ჩვენი კოლეგის ქმედება, დანარჩენის წესიერებაშიც დაგაეჭვებთ, მაგრამ... იქნებ ისწავლოთ გარჩევა! თუ ამის სურვილი გაქვთ რა თქმა უნდა...

WORLDSPORT.GE-ის რედაქცია

0.110658