ჩოგბურთი

22:10 | 14.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერის მორიგი გამოწვევა - დიდი სლემის მე-19 ტიტული

უიმბლდონის ნახევარფინალში როჯერ ფედერერმა ტომაშ ბერდიხი 7:6, 7:6, 6:4 დაამარცხა და კარიერის განმავლობაში მეთერთმეტედ გავიდა ფინალში. შვეიცარიელი მერვედ შეეცდება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგებას. ასევე, მსოფლიოს მეხუთე ნომერს შანსი აქვს კარიერაში მე-19 დიდი სლემის ტურნირზე გაჩემპიონდეს

მიუხედავად სამ სეტში მოგებული შეხვედრისა, როჯერს მაინც გაუჭირდა და ორი სეტი ტაი ბრეიკზე მოიგო. ფედერერმა 13 ეისი შეასრულა, ხოლო ბერდიხმა - 9. შეცდომები შვეიცარიელს ერთით მეტი ჰქონდა (20-19). გათამაშებებიდან ფედერერმა 53-ჯერ შეძლო ქულის აღება, ხოლო ჩეხი მეტოქისგან განსხვავებით ნაკლებად ეფექტურად თამაშობდა და 31 ქულას დასჯერდა. როჯერმა ორმაგი შეცდომა 4-ჯერ დაუშვა, ბერდიხი კი ამ კომპონენტში უშეცდომო იყო.

35 წლის ჩოგბურთელი მიმდინარე სეზონში შედეგიანად ასპარეზობს. ბალახის საფარზე როჯერმა 2017 წელს მხოლოდ ერთი მატჩი წააგო. ჰალეს ტურნირსა და უიმბლდონზე ფედერერმა სეტი არ დათმო. გერმანიაში შვეიცარიელმა იმარჯვა, ახლა კი უიმბლდონის ფინალში მარინ ჩილიჩის დამარცხებას შეეცდება. ხორვატმა სემ ქუერის სძლია და ტურნირის ფინალში პირველად გავიდა. ურთიერთშეხვედრებში ფედერერი 6:1-ს იგებს. წინა წელს უიმბლდონზე როჯერმა მარინი მეოთხედფინალში დაამარცხა. ჩილიჩმა კი ფედერერი კარიერაში ერთხელ დაამარცხა და ისიც 2014 წელს ამერიკის ღია ჩემპიონატის ნახევარფინალში, სადაც საბოლოოდ ჩემპიონიც გახდა.

იმ შემთხვევაში თუ ჩილიჩი მოიგებს, განახლებულ რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდება და მეხუთე ადგილზე იქნება, ხოლო თუ ფედერერი მერვედ გახდება ჩემპიონი მეხუთედან მესამეზე გადაინაცვლებს. უიმბლდონის გადამწყვეტი მატჩი კვირას, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

0.143388