180 სმ სიმაღლისა და 140 კგ წონის ამ ადამიანს ნაკლებად იცნობენ. ალოიზიუ ფერეირა ახალგაზრდობისას მინიფეხბურთს საკმაოდ კარგად თამაშობდა, მისი ყველაზე დიდი “საფეხბურთო დამსახურება” კი ისაა, რომ რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმას პირველი მწვრთნელი გახლდათ. რიო დე ჟანეიროს ქუჩებსა თუ მოედნებზე ფერეირა უტარებდა პირველ საფეხბურთო გაკვეთილებს რონალდოს, ჟურნალისტებმა კი მას “კიჭას” თაობაზე რამდენიმე კითხვა დაუსვეს.
- სად და რა ვითარებაში გაიცანით რონალდო?
- ეს 1987-ში მოხდა. რონალდო 11 წლისა იყო. ორივენი გენერალ სეზარ ალვინის სახელობის ქუჩაზე ვცხოვრობდით. მინიფეხბურთს კარგად ვთამაშობდი, რონი კი პატარა ბიჭი იყო. როდესაც ჩემი გუნდი თამაშობდა, იგი აუცილებლად ესწრებოდა შეხვედრას, ხშირად კი გვთხოვდა მისთვისაც მიგვეცა თავის გამოჩენის საშუალება. ერთხელაც, უფროსებმა (მე 20 წლისა გახლდით) რონალდო ვათამაშეთ და მანაც რამდენიმე ბურთი გაიტანა. მაშინვე მივხვდი, მისგან მსოფლიო დონის ვარსკვლავი რომ დადგებოდა.
- რონალდოს კერპი იყავით?
- არა, ბავშვობაში რონალდო ზიკოს აღმერთებდა. იგი ყურადღებით აკვირდებოდა “ათიანის” თამაშს და ცდილობდა ბევრი რამ გადმოეღო ზიკოსგან. რონალდოს პირველი მწვრთნელი კი მე გავხდი და ჩემი დამსახურებაა, “კიჭამ” ბურთის მყისიერი დამუშავება, მცველებისგან დასხლტომა და კარში მოულოდნელი, ზუსტი დარტყმები რომ იცოდა. ყოველი გატანილი გოლის შემდეგ მას ჩემთან ვიხმობდი ხოლმე და გულში ვიხუტებდი.
- როგორი ბიჭი იყო რონი?
- ძალიან მორცხვი იყო, მაგრამ როდესაც ვინმეს გაუშინაურდებოდა, იმასთან ბოლომდე იხსნებოდა. მისი განსაკუთრებული თვისება კი სიჯიუტე იყო. ქუჩაზე, რომელზეც ფეხბურთს ვთამაშობდით, ბევრი ქვა ეგდო, რის გამოც რონალდო ტრავმებს იღებდა, მაგრამ ტკივილის გრძნობას ყოველთვის ძლევდა – მისთვის ფეხბურთის თამაში ცხოვრების მიზანი გახლდათ. ამიტომაც გახდა უდიდესი ფეხბურთელი. წმინდა საფეხბურთო თვისებებს რაც შეეხება, ბავშვობიდანვე გასაოცარი ტექნიკით გამოირჩეოდა. თავით თამაშით მთლად კარგად ვერ გამოირჩეოდა, მაგრამ სხეულის ამ ნაწილს ყოველ თვის მიწურულს ფულის დასათვლელად იყენებდა.
- რონალდო ერთგული მეგობარია?
- მეგობრებისთვის იგი მამასავითაა. ნამდვილ მეგობრებს ვგულისხმობ და არა იმათ, რომლებიც რონალდოს მას შემდეგ დაუახლოვდნენ, რაც საფეხბურთო ვარსკვლავი გახდა.
- პოპულარობამ დიდად შეცვალა?
- იოტისოდენადაც არა. საფეხბურთო დიდების ზენიტში მყოფიც კი, ისეთივე მოკრძალებული ადამიანი იყო, როგორც ადრეულ ბავშვობაში.
- თქვენთან თუ უთქვამს, ყველაზე მეტად გული რომელმა მწვრთნელმა დასწყვიტა?
- არგენტინელი ექტორ რაულ კუპერი რონალდოს არცთუ კარგად მოექცა. ისინი ერთობლივად მუშაობდნენ მილანის “ინტერში” და როდესაც “სან სიროზე” კუპერი დამრიგებლად მოღვაწეობდა, რონალდოს ის პერიოდი ცუდად ახსენდება.
- გულწრფელად გვითხარით, რონალდოსი როდესმე გშურდათ?
- როგორ გეკადრებათ. ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ მან ფეხბურთში ბევრს მიაღწია, ხალხის სიყვარული და აღიარება დაიმსახურა და ამაში გარკვეული წვლილი მეც მიმიძღვის.