13 ივლისს, სპორტულ კომპლექს "არენა 1-ში" გაიმართა ტაეკვონდოს კორეელი სპეციალისტების თეორიული და პრაქტიკული სემინარი, რომელსაც კორეელი მწვრთნელები ქართველი სპორტსმენებისთვის ატარებენ.
ღონისძიებას დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე. მინისტრს და მინისტრის მოადგილეს ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტმა სულხან ბაბუაძემ უმასპინძლა.
4 კორეელი სპეციალისტი საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაციამ მსოფლიოს ტაეკვონდოს ფედერაციის დახმარებით ჩამოიყვანა. კორეელი სპეციალისტები საქართველოში 40 დღე დარჩებიან და ქართველ სპორტსმენებს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ჩაუტარებენ. მოწვეული სტუმრები თბილისის შემდეგ საქართველოს რეგიონებში გადაინაცვლებენ - ჯერ ბახმაროში ჩავლენ, სადაც საქართველოს ნაკრები ფიზიკურ მომზადებას გადის.
კორეელები ჩვენ სპორტსმენებს 12 დღის განმავლობაში გამოცდილებას გაუზიარებენ. ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელსაც სექტემბერში მინსკი უმასპინძლებს. მოგვიანებით კი ქობულეთს ესტუმრებიან და საქართველოს კადეტთა ნაკრებს 13 დღის განმავლობაში მოამზადებენ.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური