ფეხბურთი

20:15 | 12.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

უფსკრული

სიმართლე გითხრათ, ევროტურნირების დაწყებამდე დადებითი შინაარსის მქონე წერილის თქვენამდე მოტანას ვისურვებდი, მაგრამ მომხდარმა სხვა რეალობის წინაშე დაგვაყენა და ამიტომ, რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს, სათქმელი უნდა ითქვას, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას.

უფსკრულში

ქართული საკლუბო ფეხბურთი უფსკრულისკენ კი არ მიექანება, უკვე იქაა. ალბათ, ეს სახელი ჩვენი ფეხბურთის დღევანდელ რეალობას ყველაზე მეტად შეესაბამება. 7 თამაში, 0 მოგება, 1 ფრე, 6 წაგება, 2 გატანილი და 20 გაშვებული გოლი – ეს მშრალი, სტატისტიკური ციფრებია, რომელიც ერთი შეხედვით ასახავს ქართული კლუბების წლევანდელ მონაგარს ევროსარბიელზე.

ცალსახაა, რომ განსაკუთრებულ შედეგს არავინ ველოდით, მაგრამ არც ასეთი კოშმარი იყო მაინც და მაინც სასურველი. რამ გამოიწვია ეს შედეგი, ამის მიზეზი ბევრია და ქვემოთ ცალკე პუნქტებად ვეცდებით დავყოთ.

მიზნის გარეშე

რაც უნდა ბევრი იძახონ ამა თუ იმ გუნდთა მთავარმა მწვრთნელებმა, ხელმძღვანელებმა თუ მეპატრონეებმა, ფაქტია ქართულ კლუბებს დღეს მიზანი არ გააჩნიათ. უხეშად რომ ვთქვათ, მთავარი მიზანი წლიდან წლამდე თავის გატანა და სეზონის გადატანაა. მერე რა მოხდება, არავის აინტერესებს. შორს არ წავიდეთ და ბოლო მაგალითზე ვთქვათ: “სამტრედია” ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია, მაგრამ იმ გუნდისგან დღევანდელი ისე განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა. იმერული გუნდი ლიდერებმა დატოვეს და შესაბამისი შევსება გუნდს არ მიუღია. ეს ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაშიც კარგად გამოჩნდა – გუნდი უფერულად თამაშობს შარშანდელთან შედარებით. არადა, წესით, ყველა ნორმალური მენეჯმენტის კლუბში, როდესაც ჩემპიონი ხდება, გაძლიერებაზე ფიქრობენ და საქმეც წინ მიჰყავთ. თუმცა, აქ მხოლოდ “სამტრედია” არაა შუაში. ყველა ქართულ გუნდში ასე ხდება. აგერ, “დინამო” ავიღოთ – როგორც იქნა, ქართული ფეხბურთის ფლაგმანმა გამართული ფეხბურთის ჩვენება დაიწყო, ლამაზად თამაში, თითქოს შედეგიც დაიდო, მაგრამ ლიდერები გუნდიდან წავიდნენ. ახლა კი, კახა კაჭარავას ფაქტობრივად ცარიელი ფურცლიდან უწევს ყველაფრის დაწყება. და ასე გამუდმებით – ყოველ 6 თვეში ერთხელ წრეზე ვტრიალებთ.

და მაინც, ყოველივე ზემოთქმულსაც აქვს თავისი შესაბამისი მიზეზი – დღეს ქართულ კლუბებს არ შეუძლიათ ფეხბურთელების შენარჩუნება, რადგან თუ ვინმე თავს გამოიჩენს თვალი გასაგები მიზეზების გამო “გაქცევაზე” უჭირავს, კლუბი კი მას ვერაფრით აკავებს, რადგან მასთან კონტრაქტი უკვე აღარ აკავშირებს, ანაც წინასწარ დევს ხელშკრულებაში პუნქტი, რომლის მიხედვითაც უკეთესი, სასურველი ვარიანტის შემთხვევაში ხელი არ უნდა შეუშალოს. გარდა ამისა, ქართული გუნდების ერთადერთი შემოსავალი ფეხბურთელების გაყიდვაა – ჩვენში კლუბებს არ ჰყავთ სპონსორები, არ აქვთ რეკლამა, არ იღებენ ტელეტრანსლაციებიდან ფულს, არ იყიდება ბილეთები. მოკლედ, ფინანსურად საქართველოში გუნდის შენახვა ყველა ვარიანტში წამგებიანია, თუ არ გაყიდის ფეხბურთელს. არსებობს მეორე ვატიანტიც – გავიდეს ევროსარბიელზე და უეფადან მიიღოს თანხა...

მოკლედ, რომ ვთქვათ, მდგომარეობა სატირალია და არცერთ მზარდ საფეხბურთო ქვეყანაში ასე არ ხდება. აგერ, “ყარაბაღს” შეუძლია ფეხბურთელი შეიძინოს ვარშავის “ლეგიადან” – იმ ქვეყნის ჩემპიონისგან, რომელშიც ბოლო დროს ქართველი ფეხბურთელები დაუფიქრებლად გარბიან. ამის შემდეგ კი, ბუნებრივია გასაკვირი არ უნდა იყოს, როდესაც აზერბაიჯანის ჩემპიონი ჩვენს ჩემპიონს უშანსოდ ანადგურებს.

სად ვთამაშობთ?!

სად ვთამაშობთ პირდაპირი გაგებით? – ფეხბურთი რომ ითამაშო პირველ რიგში სტადიონი, შემდეგ კი ბაზა გჭირდება. და რა ხდება ამ კუთხით ჩვენთან? – წლეულს ევროსარბიელზე გასული ოთხი გუნდიდან სამს სხვა სტადიონზე და სხვა ქალაქში მოუწია თამაში – შესაძლოა, ბევრისთვის ეს პატარა მიზეზი იყოს, მაგრამ თუ დავფიქრდებით მივხვდებით, რომ საკუთარი მოედნის ფაქტორს დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს. სამტრედიისა და საჩხერის სტადიონები უეფას ვიღა ჩივის და საქართველოს მოთხოვნებს ძლივსძლიობით აკმაყოფილებენ, ხოლო ბათუმში სტადიონი დიდი ხანია არაა. რა არ დაიწერა და რა არ ითქვა, ბათუმის არენაზე, მაგრამ დაპირებების გარდა ჯერჯერობით ადგილობრივ გულშემატკივრებს, რომელთაც ფეხბურთი მართლა ძალიან უყვართ, არაფერი მიუღიათ. ერთადერთი ქუთაისის “ტორპედო” იყო, რომელსაც საკუთარ კედლებში მოუწია თამაში – თუმცა, აქაც იყო დიდი ლაფსუსი: “რამაზ შენგელიას” სტადიონი ვერ ვიტყვით, რომ ფეხბურთის სათამაშოდ იდეალურ მდგომარეობაშია. მეტიც, პროგრესირებად ქვეყნებში ასეთ მოედნებზე არ თამაშობენ! თუმცა, რა გინდა რომ ჰქნა, მშველელი არსაიდან ჩანს.

როგორ ვთამაშობთ?!

როგორ ვთამაშობთ პირდაპირი გაგებით? – არ ვიქნებით ალბათ მტყუანნი თუ ვიტყვით, რომ დღეს ქართული გუნდები ისე თამაშობენ, როგორც 50 წლის წინ... ანუ ქართული ფეხბურთი დროს ჩამორჩა. უპირველის პრობლემა ფიზიკური მომზადებაა. ჩვენს გუნდებს ევროტურნირებზე ჩატარებულ მატჩებს თუ ავიღებთ მხედველობაში 70-ე წუთის შემდეგ მოედანზე ვეღარ ნახავდით. ქუთაისის “ტორპედომ” სლოვაკეთში სამი გოლი ბოლო 15 წუთში გაუშვა, იგივე დაემართა ზუსტად ბათუმის “დინამოს”, “სამტრედია” ამ დროში ორ გაშვებულ გოლს “დასჯერდა”, ხოლო “ჩიხურას” არ გაუშვია, მაგრამ ერთ დეტალს გავიხსენებთ – “ალტახთან” მატჩის 86-ე წუთი მიმდინაორებდა, როცა ჩვენს საჯარიმოსთან ახლოს აუტი დაინიშნა ავსტრიელთა სასარგებლოდ. იმის მაგივრად, რომ იმერლებს, რომელთაც გოლის გატანა სჭირდებოდათ, ბურთი მალევე დაებრუნებინათ, საერთოდ ვერ დაიბრუნეს. ასე გაილია “ჩიხურასთვის” ძვირფასი 4 წუთი და ამას დამატებული მსაჯისგან სამი წუთი, აუტის, კუთხურის თუ ჯარიმების გათამაშებაში “ალტახის” სასარგებლოდ. საჩხერელებს ძალა არ აღმოაჩნდათ იმისთვის, რომ მეტოქესთან პრესინგი განეხორციელებინათ და შეტევის წამოწყება ეფიქრათ.

საინტერესოა, რომ ყოველი თამაშის შემდეგ მწვრთნელებისგან თუ ფეხბურთელებისგან გვესმის გაცვეთილი ფრაზები – ფიზიკურად გვაჯობეს, ვერ გავუძელით, გამძლეობა არ გვეყო და ა.შ გაუთავებლად... ჩნდება ერთი კითხვა: თუ ამდენს ვათვიცნობიერებთ, რომ ფიზიკურად სათანადოდ მზად არ ვართ, რატომ არ ვემზადებით მანამდე, სანამ რეალობა სარკეში ჩაგვახედებს? რატომ ველოდებით ურემის გადაბრუნებას, რომ გზა გამოჩნდეს?..

ესეც არ იყოს, რბილად რომ ვთქვათ, თამაში არ ვიცით – დიახ, არ ვიცით, თანამედროვედ, ევროპულად ფეხურთის თამაში. ქართულ გუნდებში თქვენი არ ვიცით, და ჩვენ ნამდვილად ვერ დავინახეთ ყოველივე ეს. არ ვიცით, პრესინგი მეტოქის ნახევარზე, არ ვიცით, ბურთის გაჩერება ისე, რომ მასზე 10(!) წამი არ დავხარჯოთ. არ ვიცით, პასის ისე მიღება, რომ კარისკენ ზურგით არ ვიდგეთ. არც ის ვიცით, როგორ წავმართოთ კონტრშეტევა თუ ამის შესაძლებლობა იქნება, როგორ გადავიდეთ დაცვიდან შეტევაში სწრაფად და გააზრებულად. თქვენ წარმოიდგინეთ, არც სტანდარტული სიტუაციების დროს ვიცით თამაში! – მოკლედ, ნათელია, რომ ფეხბურთის თამაში თანამედროვედ არ ვიცით, ისე კი ევროპულ არენაზე წარმატების მიღწევა და თუნდაც ერთი ბარიერის დაძლევა წარმოუდგენელია. სამწუხაროა, მაგრამ დრო გადის, სხვები პროგრესირებენ, თუ არ იციან, სწავლობენ, მაგრამ ჩვენ პირიქით – გვავიწყდება...

საიდან იწყება პრობლემა?

ბუნებრივია, 20-21 წლის თუნდაც 17-18 წლის ფეხბურთელს, რომელიც ეროვნული ლიგის გუნდში მოხვდა, ფეხბურთის თამაშს ვეღარ ასწავლი. ის უკვე უნდა იყოს ჩამოყალიბებული მოთამაშე, რომელმაც იცის მოედანზე რა და როგორ უნდა გააკეთოს. ამას კი, ბავშვობაში სწავლობენ სხვაგან, მაგრამ როგორც ჩვენი რეალობა ასახავს, ბავშვთა ფეხბურთში ამას ყურადღება ნაკლებად ექცევა. ნელ ტემპში თამაში, გუნდის ინტერესებს მიღმა თამაში, არასწორად თამაში – როდესაც ამ ყველაფერს პატარა ასაკიდან ეჩვევი, მერე ბუნებრივია ზრდასრულ ადამიანს გადაწყობა და გადაჩვევა რომ გიჭირს. ამ ყველაფერს კი, რა თქმა უნდა, მწვრთნელებთან მივყავართ – არახალია, რომ საქართველოში სამწვრთნელი საქმიანობა კრიტიკას ვერ უძლებს – განსაკუთრებით ეს პრობლემა სწორედ დამწყებ ასაკთად დგას, მაგრამ არც დიდ ფეხბურთშია მაინც და მაინც უკეთესობა.

მწვრთენელობა საქართველოში ბევრს ადვილი პროფესია ჰგონია, მაგრამ ასე სულაც არაა – მწვრთნელი მუდმივად ახლის ძიებისა და სწავლის პროცესში უნდა იყოს, რომ საკუთარი თავი განავითაროს. განავითაროს, რადგან დღეს ფეხბურთელი სწრაფი ნაბიჯებით პროგრესირებს და ლამის ყოველდღე ახალ სათამაშო ნოვაციას ედება საფუძველი. ბუნებრივია, როდესაც ამ ყველაფერს ნაბიჯს ვერ აუწყობ, ჩამორჩები, შედეგიც სახეზე დადგება. ეს არ ეხება მხოლოდ მთავარ მწვრთნელებს – ეს ეხება ყველას, მეკარეების მწვრთნელებიდნა დაწყებული, უბრალო მასაჟისტით დასრულებული.

ჩვენთან პირიქით

მიიჩნევა, რომ ფეხბურთი ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი და მომგებიანი სპორტის სახეობაა. თუმცა, ამას ვერ ვიტყვით ქართულ ფეხბურთზე. ჩვენში არ არსებობს არანაირი მენეჯმენტი და არანაირი გათვლა. ყველაფერი თითქოს სპონტანურად ხდება. ერთეული გამონაკლისების გარდა, კლუბები ჯერაც ადგილობრივი ხელისუფლების კმაყოფაზე არიან და არავინ იცის ხვალ იქნება თუ არა საერთოდ ქალაქში ფეხბურთი. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული რამდენად უყვარს კონკრეტულ გუბერნატორს სპორტის ეს ლამაზი სახეობა. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს – არსად ასეთ რამეს ვერ ნახავთ. თუმცა რა გვიკვირს – ბიზნესი მაშინაა ბიზნესი, როდესაც მოგებიანია, ფეხბურთი კი დღეს წამგებიანია. როდესაც გუნდს შემოსავალი არსაიდან აქვს და მხოლოდ ფეხბურთის განვითარების ფონდისა და უეფას გამოწვდილ თანხაზეა დამოკიდებული. ზემოთაც ვთქვით და დღეს ქართულ ფეხბურთში შემოსავლის მთავარი წყაროები არ არსებობს: ტელევიზიები, ბილეთები, სპონსორები, რეკლამები და უმეტესად ტრანსფერებიც.

ფეხბურთი რომ პრიორიტეტული აღარაა, იქედანაც ჩანს, რომ სტადიონების ნაცვლად ხშირად კორპუსებს ვაშენებთ. აგერ, “დინამოს” ბაზასთან მიმდინარე მშენებლობაზე ბევრი დაიწერა. გარდა ამისა, ბევრი სტადიონმა არსებობა უკვე შეწყვიტა და რაოდენ პარადოქსული არ უნდა იყოს, ზემოხსენებული მიზეზით – კლუბებს საკუთარ ბაზაც არ გააჩნიათ – აგერ რუსთავის “მეტალურგს” “ფოლადზე” ვარჯიში აუკრძალეს – ეს ხომ იმ ქალაქის უფეხბურთოდ დატოვებას ნიშნავს, რომელიც ყოველთვის ქმნიდა ამინდს ჩვენში? – არადა, ჩინებული საფეხბურთო არენაა რუსთავში, ხელის შევლება უნდა მხოლოდ... თუმცა, რაზე ვსაუბრობთ, როდესაც საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ ქალაქში საფეხბურთო სტადიონი 11 წელია აღარ არსებობს და სამაგიეროდ, არის უამრავი დაპირება რომ იქნება...

ამბობენ, რომ ფეხბურთი რომ განვითარდეს, აუცილებელია ხალხი სტადიონზე დაბრუნდეს. უცნაურია, მაგრამ რას ვთავაზობთ ხალხს სტადიონზე რომ ვეპატიჟებით? – წმინდა სათამაშო ასპექტებს თავი რომ დავანებოთ, თემა გავაგრძელოთ: ტრიბუნები კომფორტული არაა. თითო ოროლა არენის გარდა დღეს ქართული სტადიონები კომფორტს ემდურის – არადა, ორჯერ-ორია, კარგ საფეხბურთო არენაზე მისვლა და თამაშის ყურება ადამიანს უფრო სიამოვნებს. აგერ, ჩვენთან რა მოსატანია, მაგრამ მაგალითად გამოდგება – იტალიაში დღემდე მთავარ პრობლემად ტრიბუნებზე ხალხის ნაკლებობა სახელდება, არადა, პრბოლემა უშუალოდ სტადიონებშია. “იუვენტუსი” სანამ ახალ არენას ააშენებდა, 25 ათას მაყურებელზე მეტს იშვიათად თუ მოუყრიდა თავს, მაგრამ როდესაც თანამედროვე პროდუქტი (ამ შემთხვევაში სტადიონი) შესთავაზა ქომაგებს, ტრიბუნები გაივსო – 6 წელია, “იუვენტუსი” იტალიაში ყველაზე დასწრებადი გუნდია. ეს შედეგი კი, ბუნებრივია სტადიონმა მოიტანა.

ცალსახაა, რომ თუ გუნდები სტადიონებს საფუძვლიანად გააკეთებენ, ხალხი აუცილებლად მოიმატებს. ესეც რომ არ იყოს, გინდა არ გინდა, აიწევს სათამაშო დონეც – სულ სხვაა, როდესაც ფეხბურთელს კარგ მინდორზე უწევს ბურთის გორება და სულ სხვა, როდესაც მაგალითად ქობულეთის “ჩელე არენის” ე.წ ხელოვნურ საფარზე უწევს გარჯა.

უწყვეტი რეგრესი

ბოლო სამი სეზონია ქართული გუნდები ევროპა ლიგაზე პირველივე მეტოქესთან მარცხდებიან. მეტიც, ჩემპიონთა ლიგაც რომ დავუმატოთ, ერთადერთი “დინამომ” გადალახა შარშან სომხური “ალაშკერტის” ბარიერი, რამაც საბოლოოდ ევროპა ლიგის პლეი-ოფამდე მიიყვანა, თორემ გაცილებით სავალალო შედეგის წინაშე ვიქნებოდით. არადა, იყო დრო, როდესაც ევროპა ლიგის ჯგუფთან ერთ ნაბიჯში ვიყავით – გორის “დილა” (ორჯერ), “ზესტაფონი”, “დინამო” (ორჯერ). ის დროც იყო, როცა უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გავედით და ის დროც, როცა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფამდე ერთი გოლი დაგვაკლდა. შესაძლოა ასე არ ყოფილა სტაბილურად, მაგრამ ასეთი გამონათებებზე ახლა მხოლოდ ოცნება შეგვიძლია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამოსავალის ძებნა ჩემპიონატის ფორმატში დაიწყო. შემოდგომა-გაზაფხულის სისტემიდან გადავედით გაზაფხული-შემოდგომის სიტემაზე. არადა, ყველა პროგრესირებად ქვეყანაში იმ სისტემით თამაშობენ, რომელსაც ჩვენ ზურგი ვაქციეთ. აგერ, მაგალითად რუსეთი მეორე წელია სწორედ შემოდგომაზე-გაზაფხული სისტემით ატარებს ჩემპიონატს, რადგან მანამდე დიდი პროგრესი ვერ დაინახეს. რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი ქვეყნები, სადაც მსგავსი ფორმატია – მაგალითად, ყაზახეთი და რა შედეგიც აქვს ყაზახურ ფეხბურთს კარგად მოგვხსენება, მაგრამ მაინც ცალსახაა, რომ ნაბიჯი სარისკო იყო. გაამართლა თუ არა, ახალმა ფორმატმა, ამაზე გადაჭრით საუბარი ახლა შეუძლებელია – ჯერ მხოლოდ პირველი წელია და ბუნებრივია შედეგის დანახვა რთულია, მაგრამ ფაქტია, ამ ჯერზე შედეგი ცალსახად უარყოფითია. აქვე აღვნიშნოთ, რომ ახალ ფორმატის მინუს-პლიუსებიც: “სამტრედია” ჩემპიონი დეკემბერში გახდა, მაგრამ ახლა მხოლოდ მესამე ადგილზეა და ზემოთაც აღვნიშნეთ, გაცილებით სუსტად თამაშობს. იგივე ითქმის ბათუმის “დინამოსა” და საჩხერის “ჩიხურაზეც” – 6 თვე საკმაოდ დიდი დროა, მითუფრო, როდესაც საქმე ქართულ ფეხბურთთან გვაქვს და ბევრი რამ იცვლება ამ დროში. პლიუსად, რასაც იდეაში ყველა ვეთანხმებოდით, გუნდების ფორმაში ყოფნა უნდა მივიჩნიოთ. წესით, გახურებული ჩემპიონატიდან კლუბებს ევროსარბიელზე ჩართვა არ უნდა გასჭირვებოდათ, მაგრამ... მაგრამ აგერ მაგალითად, “ჩიხურას” მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ თქვა, რომ ისინი ახალ ფორმატს მოუმზადებელნი შეხვდნენ...

და მაინც, გადაჭრით ეროვნული ლიგის ახალ ფორმატზე დასკვნის გამოტანა არ შეიძლება – ქართული გუნდები ხომ წარუმატებლად წინა წლებშიც ირჯებოდნენ... ყველაფერს დრო გამოაჩენს.

მოკლედ, პრობლემა ძალიან ღრმა და ბევრია, რომელზეც მომავალშიც დაიწერება. სათქმელი უნდა ითქვას, ყველაფერს ანალიზი სჭირდება. და კიდევ: კარგი იქნება გზას მანამდე თუ დავინახავთ, სანამ ურემი გადაბრუნდება, თორემ მერე ფასი ეკარგება. ამასობაში კი, ჯერაც არ დაწყებული ევროსეზონი ქართული გუნდებისთვის დასრულებულია – რეალობა მძიმეა.

0.118938