სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭიდაობა

11:16 | 10.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

3 ოქრო და 7 ბრინჯაო პოლონური ხალიჩიდან

ქართველმა მოჭიდავეებმა "ციოლკოვსკისა და პეტლიასინსკის სახელობის ღია პირველობა" 10 მედლით ჩაამთავრეს. 8-10 ივლისს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა თითქმის ოპტიმალური შემადგენლობებით მიიღეს მონაწილეობა.

თავისუფალთა ანგარიშზე 2 ოქროსა და 5 ბრინჯაოს მედალია. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61 კგ) და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) ავიდნენ. ბექა ლომთაძემ (61 კგ), ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ), დავით ხუციშვილმა (86 კგ), ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) და გიორგი მეშვილდიშვილმა (125 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პოლონურ ტურნირზე 3 მედალი მოიპოვა. მძიმეწონოსანი ლევან არაბული (130 კგ) ჩემპიონი გახდა. შმაგი ბოლქვაძე (71 კგ) და რობერტ კობლიაშვილი (85 კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

ჭიდაობაში მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატამდე თვენახევარზე ნაკლები რჩება. სეზონის უმთავრეს შეჯიბრებას 21-26 აგვისტოს პარიზი უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.103796