კონფედერაციის თასი მეორე შემადგენლობით მოიგეს, 21-წლამდელების ევროპის ჩემპიონატიც ტრიუმფით ჩაამთავრეს და 19-წლამდელებში ასეთი ჩავარდნა არ ეკადრებოდა გერმანულ ფეხბურთს. უცნაურია, მაგრამ სამი მატჩიდან ორი დიდი ანგარიშით წააგეს - 1:4 და 1:4. თანაც, ოთხივე გოლი ორივეჯერ მეორე ტაიმში გაუშვეს.
არადა, არ იყო სუსტი გერმანია. თამაშის სცენარით, არც ჰოლანდიასთან უნდა წაეგო ასეთი ანგარიშით და არც - ინგლისთან. ეგაა, დაცვაში საკმაოდ ჰქონდათ ნაპრალი და კიდევ, დამამთავრებელ ფაზაში უჭირდათ - ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს და მხოლოდ ერთი გამოიყენეს.
აი, ინგლისი კი, ჯერჯერობით, საუკეთესოა მიმდინარე ჩემპიონატში. ყოველ შემთხვევაში, ჯგუფში ასეა. ხუმრობაა, ორი ფეხბურთელი საწყის 15 წუთში შესაცვლელი გაგიხდეს და მაინც არაფერი დაგეტყოს? თანაც, როგორი ფეხბურთელები - დაცვის უდავო ლიდერი ჩალობა და საყრდენი ნახევარმცველი დოზელი.
ოთხი გოლიდან ორი მართლაც მაგარი იყო: რიგით მეორე და მესამე. ბენ ბრენეტონმა ბრწყინვალე კომბინაციის შემდეგ გაიტანა ერთი შეხებით, ხოლო მესამე გოლის მომენტში, რაიან სესენიონს დიდებული პასი გაუკეთა მეისონ მოუნტმა. შეიძლება ითქვას, ამ ჩემპიონატის საუკეთესო საგოლე პასი იყო.
გერმანიამ 3 ქულით დაასრულა ჯგუფი და ბურთების შეფარდება მინუს სამი აქვს. საერთო ჯამში, საქართველომ საუკეთესო შედეგი აჩვენა იმ ნაკრებებს შორის, რომლებიც ჯგუფში დარჩნენ. ჩვენც 3 ქულა, მაგრამ ბურთების ბალანსი - მინუს ორი. შესაბამისად, საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მეხუთე ადგილი დაიკავა. სხვა საქმეა, რომ ამას არავითარი სატურნირო დატვირთვა აღარ აქვს.
ნახევარფინალში ინგლისი ჩეხეთს, პორტუგალია კი ჰოლანდიას დაუპირისპირდება.
ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდელებში. B ჯგუფი. მესამე ტური
თბილისი. დავით პეტრიაშვილის სტადიონი
ინგლისი - გერმანია 4:1 (0:0)
ინგლისი: რამსდეილი, სტერლინგი, ჩალობა (ჯონსონი 6), ჯეი დასილვა, სულიმანი, ბაკლი (ჯეიმსი 80), ედუნი, დოზელი (ჯოშ დასილვა 15), მოუნტი, სესენიონი, ბრერეტონი
გერმანია: ბანსენი, ბუსამი (გიოტცე 80), ფრანკე, გოქჰან გიული, ავუდია, გეიგერი, საგლამი, ფრიდე, ბარკოკი (ვარშევსკი 67), ამენიდო, ჰაკი (რაუმი 64)
გოლები: 1:0 ბრენეტონი (52 პენ), 2:0 ბრენეტონი (64), 2:1 ვარშევსკი (76), 3:1 სესენიონი (81), 4:1 სესენიონი (84)
გაფრთხილება: ბარკოკი, საგლამი
მსაჯი: პალაბიკი (თურქეთი)
- ინგლისი 3 3 0 0 7:1 9
- ჰოლანდია 3 1 1 1 5:3 4
- გერმანია 3 1 0 2 5:8 3
- ბულგარეთი 3 0 1 2 1:6 1