ბელგიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუს ამერიკაში, ლოს ანჯლესის სასამართლოში 2 ოქტომბერს გამოცხადება მოუწევს. კალიფორნიაში ბევერლი ჰილზის პოლიციამ უკვე დაადასტურა აღნიშნული ინფორმაცია.
ინგლისურმა კლუბმა "ევერტონიდან" 24 წლის ფეხბურთელი რამდენიმე დღის წინ გაიფორმა და ლუკაკუ ამერიკაში შეკრებაზე მყოფ ახალ გუნდს შეუერთდა. როგორც აღმოჩნდა ბელგიელი ბევერლი ჰილზე დაბინავდა და მანქანით მგზავრობის დროს მუსიკას მაღალ ხმაზე უსმენდა. პოლიციამ ხუთჯერ გააფრთხილა რომელუ, რათა ხმაური შეეწყვიტა, რომელიც აკრძალულია აღნიშნულ ადგილას, თუმცა ფეხბურთელმა ბრძანება არ შეასრულა. მართალია ლუკაკუ არ დაუჭერიათ და არც ჯარიმა გამოუწერიათ მისთვის, თუმცა სასამართლოში მოსმენა კი მოუწევს.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" რომელუ 75 მილიონ გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ დაიმატა. ბონუსების სახით "ევერტონმა" შესაძლოა 15 მილიონი კიდევ მიიღოს. ლუკაკუმ გასულ სეზონში პრემიერლიგაში 25 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ჰარი კეინს ჩამორჩა.