ფეხბურთი

11:18 | 7.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" მეშვიდე - ანდრეა კონტი

ბერგამოს “ატალანტას” აწ უკვე ყოფილი მცველი ანდრეა კონტი კარიერას “მილანში” გააგრძელებს. როგორც “როსონერის” ტვიტერის გვერდი იტყობინება, 23 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.

ლომბარდიულ გრანდს ნიჭიერი იტალიელი მარჯვენა მცველის შეძენა 24 მილიონი ევრო დაუჯდა. კონტი გრანდების ინტერესების სფეროში გასულ სეზონში დიდებული თამაშის შედეგად მოხვდა.

“ვერ ვპოულობ სიტყვებს, რომ ჩემი გრძნობები აღვწერო. ძალიან ბედნიერი ვარ და ერთი სული მაქვს, “მილანის” მაისურით ვითამაშო”, - აღნიშნა თავად ფეხბურთელმა.

“ატალანტას” მაისურით ანდრეამ იტალიის ჩემპიონატში 33 მატჩი ჩაატარა და 8 გოლის გატანა შეძლო. აღსანიშნავია, რომ მცველებში ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლეთა ხუთეეულში გავიდა. კონტი იტალიის ეროვნულ ნაკრებშიც იყო მიწვეული, თუმცა ჯერ არ უთამაშია.

ანდრეა კონტი “მილანის” მეშვიდე ახალწვეულია მიმდინარე სატრანსფერო სეზონში. “როსონერიმ” მანამდე მატეო მუსაჩო, ფრანკ კესიე, ფაბიო ბორინი, ანდრე სილვა, რიკარდო როდრიგესი და ჰაკან ჩალჰანოღლუ გაიფორმა.

0.161687