სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭიდაობა

21:39 | 6.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

პოლონურ ხალიჩაზე, თითქმის ოპტიმალური შემადგენლობებით

ხვალიდან კვირის ჩათვლით, პოლონეთი ბერძნულ-რომაულ და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს – "ციალკოვსკისა და პეტლიასინსკის სახელობის ღია პირველობას” უმასპინძლებს და საქმეში ქართველი მოჭიდავეებიც ჩაებმებიან.

2017 წლის სეზონის უმთავრეს შეჯიბრებამდე – მსოფლიოს ჩემპიონატამდე თვენახევარი რჩება და ორივე სტილში, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბებმა თითქმის უძლიერესი შემადგენლობა შეკრიბეს.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ პოლონურ განაცხადში დათო მარსაგიშვილისა (86 კგ) და გენო პეტრიაშვილის (125 კგ) გარდა, ყველა წონის უმთავრესი კანდიდატები შეიყვანა. მარსაგიშვილის შემთხვევაში მიზეზი ტრავმაა. პეტრიაშვილმა კი წლეულს საკმარისად მიიღო სატურნირო გამოცდილება და მსოფლიოს ჩემპიონატამდე სავარაუდოდ მხოლოდ საწვრთნელ შეკრებებს აკმარებენ.

პოლონურ ხალიჩაზე გავა ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61 კგ). სულ კი ქართული გუნდი 13-კაციანი შემადგენლობით იჭიდავებს. იანტბელიძის გუნდს 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში არავინ ეყოლება. ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი ზურაბ იაკობიშვილი ამჯერად ერთი წონით მაღლა - 70 კილოგრამში ცდის ბედს. ზედმეტი წონის კლებას ბექა ლომთაძეც (57 კგ) აარიდეს. ასევე ერთი წონითი კატეგორიით მაღლა – 86 კილოგრამში გამოვა ჯუმბერ ყველაშვილი (74 კგ).

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების განაცხადში 9 სპორტსმენია, რომლებიც 6 წონის სატურნირო ბადეებში გადანაწილდებიან. 59 და 66 კილოგრამებში კი ბადეები ქართველთა გარეშე შეივსება. ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი გოგა გოგიბერაშვილი (66 კგ) ამჯერად 71-ში ჩაებმება კონკურენციაში. ზედა წონაში გამოვა გელა ბოლქვაძეც.

ხვალ საპრიზო სამეულები თავისუფალ ჭიდაობაში 61 და 74 კილოგრამ წონით კატეგორიებში შეივსება. ბერძნულ-რომაულში - 59, 75 და 130 კილოგრამებში.

8 ივლისი - თავისუფალი 57, 86, 125 კგ; ბერძნულ-რომაული - 71, 80, 98 კგ

9 ივლისი - თავისუფალი 65, 70, 97 კგ; ბერძნულ-რომაული 66, 85 კგ.

საქართველოს ნაკრები

თავისუფალი

57 კგ - ბექა ბუჯიაშვილი

61 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ბექა ლომთაძე

70 კგ - ზურაბ იაკობიშვილი, დავით ტლაშაძე.

74 კგ - ზურაბ ერბოწონაშვილი, ავთანდილ კენჭაძე

86 კგ - დავით ხუციშვილი, ირაკლი მწითური, ჯუმბერ ყველაშვილი

97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე, მამუკა კორძაია

125 კგ - გიორგი მეშვილდიშვილი

ბერძნულ-რომაული

71 კგ - შმაგი ბოლქვაძე, გოგა გოგიბერაშვილი და რამაზ ზოიძე

75 კგ - მინდია წულუკიძე

80 კგ - ნიკოლოზ კელასოვი, გელა ბოლქვაძე

85 კგ - რობერტ კობლიაშვილი

98 კგ - კუკური კირცხალია

130 კგ - ლევან არაბული

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115212