საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფიფას რეიტინგში 10 პოზიციით წინ წაიწია. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ განახლებული რეიტინგი დღეს გამოაქვეყნა და მასში ვლადიმირ ვაისის გუნდი 112-ე ადგილზეა. საქართველოს ნაკრებმა ივნისში ორი მატჩი გამართა: ამხანაგურ შეხვედრაში სენტ კიტსი და ნევისი 3:0 დაამარცხა, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში კი მოლდოვასთან სტუმრად 2:2 ითამაშა.
გასულ თვესთან შედარებით მნიშვნელოვანი ცვლილებებია პირველ ათეულში: რეიტინგს სათავეში კონფედერაციათა თასის გამარჯვებული გერმანიის ნაკრები ჩაუდგა, რომელმაც ბრაზილია და არგენტინა თითო პოზიციით დააქვეითა. 4-4 ადგილით წინ დაიწიეს პორტუგალიამ, შვეიცარიამ, პოლონეთმა და შესაბამისად, მე-4, მე-5, მე-6 პოზიციებზე განთავსდნენ, რეგრესი განიცადეს ჩილემ, კოლუმბიამ, საფრანგეთმა, ბელგიამ და ესპანეთმა.
რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეებს, 7 საფეხურით დაქვეითდა უელსი და ამჟამად მე-20 ადგილზეა, ირლანდიამ 26-ედან 29-ე ადგილზე გადაინაცვლა, ავსტრიამ 35-ედან 37-ეზე, მათგან განსხვავებით წინსვლა აქვს სერბეთს, რომელიც 50-ედან 42-ე ადგილზე აღზევდა, მოლდოვამ სამი ნაბიჯით წინ, 158-ე პოზიციაზე აინაცვლა.
1. (+2) გერმანია — 1609 ქულა
2. (-1) ბრაზილია — 1603
3. (-1) არგენტინა — 1413
4. (+4) პორტუგალია — 1332
5. (+4) შვეიცარია — 1329
6. (+4) პოლონეთი – 1319
7. (-3) ჩილე – 1250
8. (-3) კოლუმბია – 1208
9. (-3) საფრანგეთი – 1199
10. (-3) ბელგია — 1194
...
20. (-7) უელსი - 922
29. (-3) ირლანდია - 816
37. (-2) ავსტრია - 723
42. (+8) სერბეთი - 713
112. (+10) საქართველო - 290
158. (+3) მოლდოვა - 154