ფეხბურთი

19:48 | 5.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

კლას ერიქსონი: „იმედგაცრუებული ვარ“

შვედეთის 19 წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კლას ერქისონმა საქართველოს ნაკრებთან (1:2) მარცხის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა. სკანდინავიელი სპეციალისტი გულდაწყვეტილი ჩანდა და იმედგაცრუება არც დაუფარავს. იქვე, ერიქსონმა საქართველოს ნაკრებს დამსახურებული გამარჯვებაც მიულოცა.

„იმედგაცრუებული ვარ ჩემი გუნდის თამაშით. მეორე ტაიმში გამოვასწორეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა საერთო სურათის შესაცვლელად. ვულოცავ საქართველოს ნაკრებს დამსახურებულ გამარჯვებას. კონცენტრაცია დაგვაკლდა. ფაქტია, რომ ორივე შეხვედრაში უფრო მეტი შეცდომა პირველ ტაიმში დავუშვით. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქმე უმაღლესი დონის ტურნირთან გვაქვს და შეცდომებს არავინ გვაპატიებს.

როდესაც, საქართველოში ჩამოვდიოდით, ჩვენი მიზანი ნახევარფინალში გასვლა იყო. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯგუფში ოთხი თანაბარი გუნდი გახლდათ. ჩვენ ვერ მოვახერხეთ პირველ-ორ თამაშში მობილიზება... საქართველოს ნაკრებს კი, ვულოცავ გამარჯვებას კიდევ ერთხელ“, - თქვა კლას ერიქსონმა.

შვედეთის 19 წლამდე ნაკრებს ორი ტურის შემდეგ ქულა არ მოუპოვებია და შესაბამისად, A ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება. სკანდინავიელები ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშს პორტუგალიის ნაკრებთან 8 ივლისს, გორში ჩაატარებენ.

0.117823