ფეხბურთი

19:35 | 5.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრო U19: პირველი გამარჯვება

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა. გიორგი ყიფიანის გუნდს სხვა გზა არც ჰქონდა დარჩენილი და ამიტომაც, შვედეთთან მატჩი აქტიურად დაიწყო.

საერთოდ, კარგი მატჩი გამოვიდა - „ჯვაროსნებმა“ მეტოქეს ამჯერადაც აჯობეს და პირველი ტურისგან განსხვავებით, უკეთესი თამაშის შედეგში ასახვაც შეძლეს. კომბინაციური ფეხბურთი, ტექნიკური თამაშის კასკადი და ბევრი ელემენტი ევროპული ფეხბურთიდან. ეს ბიჭები თუ პროგრესს გააგრძელებენ, წესით ბევრ მათგანს ევროპულ, დიდ ფეხბურთთან ადაპტირება არ უნდა გაუჭირდეთ. ეს მაინც სამომავლო საკითხია და ამიტომაც, იქეთ იყოს. მანამდე დღევანდელ შეხვედრაზე ვთქვათ, რომელიც საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დამსახურებულად დასრულდა. მოედანზე საუკეთესო გიორგი ჩაკვეტაძე გახლდათ, რომლის ჩინებული მოქმედებები რიგ ეპიზოდებში ისეთი იყო, დიდ ფეხბურთში რომ გვინახავს. ფაქტია, მასზე ავანსები ტყუილად არ გაცემულა...

მესამე წუთი მიმდინარეობდა, როცა გიორგი კოხრეიძის პრესინგმა შედეგი გამოიღო, სტუმართა მცველი შეცდა, ხოლო ქართველი შემტევი საჯარიმოში აღმოჩნდა, ორ მცველს შორის იდეალურად გაძვრა და ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა. საქართველოს ნაკრებს მატჩის სადავეები მთელი პირველი ტაიმი არ გაუშვია ხელიდან და 31-ე წუთზე უპირატესობა მეორე გოლშიც გარდასახა. გოლი კი დიდებული გამოვიდა. ჯერ კუციამ ითამაშა მოედნის ცენტრში ბრწყინვალედ დ ბურთი გიორგი ჩაკვეტაძეს გააყოლა, რომელმაც სპრინტშიც და ტექნიკაშიც დაჯაბნა შვედი მცველი, მეკარეს კი, ბურთი მოხდენილად გადაავლო თავზე. საბოლოოდ, ტყავის სფერო და სკნადინავიელი ფეხბურთელი, რომელიც ეპიზოდის განმუხტვას ცდილობდა, კარში ერთად აღმოჩნდნენ. ცოტა ხანში უკვე გიორგი არაბიძეს შეეძლო გოლის გატანა, მეკარე იოჰანსონთან პირისპირ დარჩა, უნდა გაეტანა კიდეც, მაგრამ ვერ ივარგა, უფრო სწორად მეკარესაც არ დავუკარგოთ გარჯა, რომელმაც ჩინებულად ითამაშა და თავისი გუნდი მესამე გოლისგან იხსნა. საბოლოოდ ტაიმი ასე დასრულდა - მშვიდად, აუღელვებლად და დინჯად - 2:0.

მეორე ტაიმი კი მოულოდნელად და უსიამოვნოდ დაიწყო - შვედებმა შეტევა მარცხენა ფლაგიდან წარმართეს, რასაც გიოკერესის გოლი მოჰყვა. ქართველთა დაცვის მარჯვენა ფლანგი აშკარად ჩავარდა და - 2:1. ეს კი, იმას ნიშნავდა, რომ დარჩენილ დროში მშვიდად თამაში ვეღარ გამოვიდოდა. ასეც მოხდა, შვედეთი შიგა და შიგ ახერხებდა ქართველთა ანერვიულებას. და მაინც, საგოლე მოემენტებს ქართველები უფრო ქმნოდნენ. ჯერ ჩაკვეტაძის ჩინებულ თამაშს კოხრეიძის დარტყმა მოჰყვა, თუმცა მცირედით არაზუსტი. მერე, ორჯერ უკვე გიორგი არაბიძე იყო ახლოს მიზანთან: თავიდან მის მიერვე მოპოვებული სტანდარტი ვერ შესრულა კარგად, მერე კი, შორი დისტანციიდ გაისროლა, მაგრამ ბურთმა სანტიმეტრებით ჩაუარა იოჰანსონის კარს, რომელიც მხოლოდ სტატისტის როლში იყო. შეხვედრის ბოლო წუთები ანგარიშიდან გამოდინარე დაძაბულად წარიმართა, თუმცა ისე რეალური საგოლე მომენტი შვედებს აღარ შეუქმნიათ.

საბოლოოდ, 2:1 გავიმარჯვეთ და ჯგუფში პირველი 3 ქულა მოვიპოვეთ. საქართველოს 19 წლამდე ნაკრებს გადამწყვეტი მატჩი წინ ელის. გიორგი ყიფიანის გუნდი ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას 8 ივლისს, ჩეხეთის ნაკრებთან ჩაატარებს. აღნიშნული მატჩი „მიხეილ მესხზე“, 20:00 საათზე დაიწყება. იქამდე, კი, ჩვენს ჯგუფში დღეს მეორე ტურის მატჩიც გაიმართება: ჩეხეთი - პორტუგალია.

საქართველო - შვედეთი 2:1 (2:0) VIDEO

თბილისი, „მიხეილ მესხი“

მაყურებელი: 8 300

საქართველო (4-3-3): ჩოჩიშვილი; მალი, ბურჯანაძე, კობოური, ლაკვეხელიანი; სამურკასოვი (ხუბაშვილი 88), კუცია, ქოჩორაშვილი (საღრიშვილი 70); არაბიძე, კოხრეიძე, ჩაკვეტაძე (არველაძე 86)

მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი

შვედეთი (4-4-2): მ. იოჰანსონი; კოლი, ანდერსონი, იშერვუდი, კრალი; სვენსონი (აჰმედოვიჩი 80), საბოვიჩი, ჯაიჩი, კ. იოჰანსონი (ლიდბერგი 46); გიოკერესი, კარლსონი

მწვრთნელი: კლას ერიქსონი

გოლები: 1:0 კოხრეიძე (3), 2:0 ჩაკვეტაძე (31), 2:1 გიოკერესი

გაფრთხილება: სამურკასოვი (64), ლაკვეხელიანი (75), არველაძე (90) - ლიდბერგი (54), კრალი (65)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (5) – 11 (4) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 1:4 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: სრდან იოვანოვიჩი (სერბეთი)

0.297804