პორტუგალიის ნაკრებისა და აწ უკვე მადრიდის „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი პეპე კარიერას თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს. კერძოდ, სტამბოლის „ბეშიქთაშში“. როგორც „არწივების“ ვებგვერდი იტყობინება, ვეტერანმა მცველმა ახალ გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
პეპეს 30 ივნისს მადრიდის „რეალთან“ ხელშეკრულება დაუმთავრდა და თურქეთის ჩემპიონს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
პეპე, რომელიც წარმოშობით ბრაზილიელია, „რეალში“ 2007 წლიდან მოყოლებული თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში „სამეფო კლუბის“ რიგებში 334 შეხვედრა ჩაატარა, სამჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და ამდენჯერვე მოიგო ჩემპიონთა ლიგა.