საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა შესაბამისი კატეგორიის ევროპის ჩემპიონატი წარუმატებლად დაიწყო. გიორგი ყიფიანის გუნდი გორში, "თენგიზ ბურჯანაძის" სტადიონზე პორტუგალიას დაუხვდა, თუმცა უქულოდ დარჩა.
არადა, სულაც არ ყოფილა წასაგები მატჩი და უფრო მეტი რეალური საგოლე მომენტი ჩვენი ქვეყნის გუნდმა შექმნა, მაგრამ რად გინდა - 66-ე წუთზე რუი პედროს გატანილი თერთმეტრიანი მატჩში ერთადერთი გამოდგა. აქვე გეტყვით, რომ პორტუგალია 73-ე წუთიდან მოყოლებული კაცნაკლული თამაშობდა, თუმცა რიცხობრივი უპირატესობა საქართველომ ვერ გამოიყენა.
საქართველოს ნაკრებს პირველი ტურის მერე ქულა არ აქვს, თუმცა წინ ჯგუფური ეტაპის კიდევ ორი თამაშია.
ტურნირი კი, მანამდე შვედეთისა და ჩეხეთის ნაკრებთა შეხვედრით გაიხსნა. ჩეხები მეტოქეზე ძლიერნი გამოდგნენ და მეტოქეს 2:1 აჯობეს. შესაბამისად, სატურნირო ცხრილში პირველი სამი ქულა მიითვალეს.
A ჯგუფის მეორე ტურის მატჩები 5 ივლისს გაიმართება. "მიხეილ მესხის" სტადიონზე საქართველოს ნაკრები შვედეთს დაუპირისპირდება, ხოლო "დავით პეტრიაშვილზე" ურთიერთობას პორტუგალიელები და ჩეხები გაარკვევენ.
საქართველო - პორტუგალია 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 რუი პედრო (66, პენ)