2 ივლისს საქართველოში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყება, რომელიც 15 ივლისამდე გასტანს. ყველანი ინტერესით ველით თამაშების დაწყებას, ტალანტების ნახვას და ვინ იცის, რამდენი მომავალი ვარსკვლავი სწორედ ამ 19-წლამდელთა ფორუმზე გაიბრწყინებს.
დღეს კი სასტუმრო "ჰუალინგში" პრესკონფერენცია გაიმართა. ჯერ B ჯგუფის, შემდეგ კი A ჯგუფის მწვრთნელებმა ისაუბრეს. ერთ რამეზე თითქმის ყველა თანხმდება: ეს ლოკალური ტურნირია და მქუხარე ქვეყნის სახელები ბევრს არაფერს ნიშნავს, რვავე ნაკრებს შანსი ექნება.
ფრანკ კრამერი (გერმანია): "მადლობა კარგი მასპინძლობისთვის. ჯგუფის სამივე მატჩში მწვავე ბრძოლას ველი.გვაკლია რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი (მათ შორის, დორტმუნდელი ნახევარმცველი ფელიქს პასლაკი - რედ.), მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ისედაც საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა გვყავს. ვიცნობთ ჰოლანდიასა და ინგლისს, რადგან მათთან ამხანაგურ მატჩებში ვითამაშეთ. ხოლო ბულგარეთი შედარებით უცნობი მეტოქეა".
მაარტენ სტეკელენბურგი (ჰოლანდია): "ჩვენ შარშანაც ვიყავით საქართველოში, როცა ოთხთა ტურნირი ჩატარდა. საქართველო მშვენიერი ქვეყანაა მშვენიერი მოედნებით, სასტუმრობითა და მთლიანად, ბუნებით. სეზონი ახალი დამთავრებულია, ჩვენი ბევრი ფეხბურთელი კლუბში გახლდათ და ამიტომაც, შედარებით უმცროსი მოთამაშეები გვყავს - ერთი წლით პატარები, 1999 წელს დაბადებულები სჭარბობენ".
კეიტ დაუნინგი: (ინგლისი): "მართლაც კარგი პირობები დაგვხვდა. ინგლისის ასაკობრივმა ნაკრებებმა ბოლო პერიოდში შდეგები გააუმჯობესეს. გეცოდინბათ, ჩვენი 20-წლამდელები სამხრეთ კორეაში მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. არც ჩვენ უნდა ჩამოვრჩეთ. გვსურს, რომ აქ უმაღლესი ადგილი დავიკავოთ. შემადგენლობა? სექტემბრიდან მოყოლებული, ფაქტობრივად, არ შეცვლილა".
ანგელ სტოიკოვი (ბულგარეთი): "მოხარულნი ვართ, რომ ფინალურ ეტაპზე გავედით. ჩვენთვის ეს დიდი პატივია. ელიტ-რაუნდის შემდეგ, ბულგარეთის შემადგენლობა არ შეცვლილა. და საერთოდაც, რაც წლინახევრის წინ 17-წლამდელთა ნაკრები იყო, ფაქტობრივად, იგივე შემადგენლობაა.
...ჩვენს ჯგუფში სამი დიდი ნაკრებია: ინგლისი, გერმანია და ჰოლანდია. თუმცა სიურპრიზებს ვამზადებთ".
ელიო სოუზა (პორტუგალია): "საერთოდ, პორტუგალიაში მიზნად არის დასახული, რომ ნებისმიერი ასაკის ნაკრები ფინალურ ეტაპზე გავიდეს, რადგან აქ მეტ გამოცდილებას იღებენ, ვითარდებიან და მთავარი ნაკრებისკენ გზა უადვილდებათ. მწვრთნელებს ვეთანხმები: ჯგუფი თანაბარია. მართალია, ორი ფეხბურთელი გვაკლია, მაგრამ მოდით ჩავთვალოთ, რომ საუკეთესო შემადგენლობით ვართ".
იან სუხოპარეკი (ჩეხეთი): "მიმაჩნია,რომ ჩვენს ჯგუფში არც ფავორიტია და არც - აუტსაიდერი. დიახ, შვედეთსა და პორტუგალიას ძლიერ კლუბებში ჰყავთ ფეხბურთელები, მაგრამ არც ჩვენი ბიჭები არიან ნაკლებნი. ვფიქრობ, გასათვალისწინებელია ჰავა და გააჩნია, ვინ როგორ აუღებს ალღოს".
კლას ერიქსონი (შვედეთი): "შვედეთი 19-წლამდელების ასაკსი პირველად მოხვდა ფინალურ ეტაპზე, რაც განსაკუთრებით მახარებს. ვფიქრობ, თანაბარი ჯგუფია. ვეცდბით, შვედი ერისთვის დამახასიათებელი შუპოვრობა გამოვავლინოთ.
...სამწუხაროდ, პრობლემები გვაქვს. ხუთი-ექვსი ფეხბურთელი გვაკლია, რადგან მათ კონტრაქტი აკავშირებთ შვედეთის უმაღლესი ლიგის კლუბებთან და არ გამოუშვეს. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ასეა! რატომ არ გვყავს ალექსანდრ ისაკი? ის უკვე "დორტმუნდის" ფეხბურთელია".
გიორგი ყიფიანი (საქართველო): "დიდი პატივია, რომ ასეთ ჩემპიონატს მასპინძლობთ. თანაბარი ჯგუფია და ყველა ნაკრებს თითქმის თანაბარი შანსი აქვს.
...ლუკა ლოჩოშვილს ტრავმა აქვს და სამწუხაროდ, ვერ ითამაშებს ამ ტურნირზე. ის ნაკრების კაპიტანი გახლდათ. საწყენია, რომ გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს. როგორც იცით, მანამდე ასევ ტრავმის გამო გამოგვაკლდა შემტევი ნახევარმცველი რატი არდაზიშვილი და მეკარე კერესელიძე.
...ფეხბურთელებს გათავისებული აქვთ პასუხისმგბლობა. იციან, თუ რა დონის ფორუმზე მოუწევთ გამოსვლა, მაგრამ არასწორი იქნება, რომ ისინი ფსიქოლოგიურად გადავღალოთ. ზედმეტ წნეხში არ მოვაქციოთ. ამ მხრივ ერთად უნდა დავდგეთ მე, ჟურნალისტები, გულშემატკივრები.
...ბუნებრივია, რამდენიმე ტაქტიკური სქემა შევიმუშავეთ. დიდი იმდი მაქვს, რომ საქართვე,ოს ნაკრები ტაქტიკურად გამართულ და გუნდურ ფეხბურთს აჩვენებს".