ნიკოლოზ ქუთათელაძე დამდეგი სეზონიდან „პარი სენ ჟერმენის“ 17 წლამდე გუნდში გაირჯება. ქართველმა ფეხბურთელმა ფრანგულ გრანდთან პირველი პროფესიონალური კონტრაქტი უკვე გააფორმა.
WORLDSPORT.GE 16 წლის ნიჭიერ ფეხბურთელს დაუკავშირდა და სწორედ ზემოხსენებული თემის შესახებ ვისაუბრეთ. როგორც ქუთათელაძემ აღნიშნა, ძალიან ბედნიერია მომხდარით და დასძინა, რომ გასულ სეზონთან შედარებით ბევრად კარგი თამაში მართებს.
- პსჟ-სთან ახალი კონტრაქტი გააფორმე. რა გრძნობაა?
- ძალიან გახარებული ვარ. სეზონის ბოლოს დამიბარეს და კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზეს.
- რას ნიშნავს შენთვის პირველი პროფესიონალური კონტრაქტი?
- ძალიან ბევრს - პირველ რიგში კი, იძლევა იმის შანსს, რომ მოვხვდე პირველ გუნდში.
- რა მიზნებით ხვდები ახალ სეზონს?
- 17 წლამდე გუნდში დავიწყებ, რაც იმას ნიშნავს, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში ვითამაშებს. 17 და 19 წლამდე ასაკში საფრანგეთის პირველობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება. 16 წლამდე ასე არაა - მაგალითად შარშან, მხოლოდ პარიზის რეგიონის ჩემპიონატში ვთამაშობდით. მიზანს რაც შეეხება, პსჟ ჩემპიონია ამ ასაკში და ვეცდებით ტიტული შევინარჩუნოთ, პირადად რაც შემეხება, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიო და 19 წლამდე გუნდში დამაწინაურონ.
- როგორ ფიქრობ, მზად ხარ, რომ შარშანდელივით კარგი სეზონი ჩაატარო?
- ვფიქრობ, იგივე დონეზე თამაში დამაკმაყოფილებელი არ იქნება არც ჩემთვის და არც გუნდის ხელმძღვანელობისთვის. ასე რომ, კიდევ უფრო უნდა მოვუმატო, ჩავატარო უკეთესი, ვიდრე შარშან. ჩემი აზრით, ამისთვის მზად ვარ.
- შესაძლოა, პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშიც მოგიწიოს...
- ეს ყველაფერი მწვრთნელის ნებაა. რამდენიმე ჩემს თანაგუნდელს უკვე ნავარჯიშები აქვთ პირველ გუნდში. ჩემზე ერთი წლით დიდი ასაკის არიან. მაგალითად ჟორჟ ვეას შვილი, რომელიც შარშან ძალიან მოეწონათ და ერთი კვირა მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა - ვნახოთ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.