დონეცკის „შახტარისა“ და საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი არაბიძე შესაძლოა რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადავიდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ქართველი ფეხბურთელის აგენტი მიხეილ მეტრეველი ავრცელებს.
როგორც მან საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა, „ლოკომოტივმა“ „შახტარს“ არაბიძის დათმობის შესახებ ოფიციალური წინადადებით უკვე მიმართა.
„მოსკოვის „ლოკომოტივმა“ „შახტარს“ ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა გიორგი არაბიძის ტრანსფერის შესახებ“, - წერს სოციალურ ქსელში მეტრეველი.
შეგახსნებთ, გიორგი არაბიძე დონეცკის „შახტარში“ 2015 წელს გადავიდა და დღემდე მეორე გუნდის ლიდერია. დრო და დრო, პირველ გუნდშიც ეძლეოდა თავის გამოჩენის საშუალება. არაბიძე, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 4 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი, ამჟამად ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატზე სათამაშოდ ემზადება.