ფიფას კონფედერაციათა თასის ფინალში ჩილეს ნაკრებს გერმანიის ნაკრები დაუპირისპირდება. შესბამისად, აღნიშნულ ტურნირს ახალი გამარჯვებული ეყოლება. როდესაც, იოაჰიმ ლიოვმა რუსეთში წამსვლელ ფეხბურთელთა ვინაობა გაამხილა, ბევრმა „ბუნდსნაკრები“ ჩამოწერა, მაგრამ ისინი მწარედ შეცდნენ.
მანუელ ნოიერის, მატს ჰუმელსის, ტომას მიულერის, ტონი კროოსის, მარკო როისის, ჟერომ ბოატენგისა და სხვების გარეშე გერმანიის ნაკრები თითქოს მართლაც არ იყო ფავორიტი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ის ფეხბურთელები, რომელთაც დიდებული შანსი მიეცათ, კიდევ უფრო დიდი მოტივაციით ირჯებიან და აგერ შედეგიც - გერმანია ფინალშია!
მექსიკის ნაკრებმა ჯგუფურ ტურნირზე ძალზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ბევრი ფიცხელ ბრძოლას ელოდა, რომელიც არ შედგა. ყველაფერი საწყის რვა წუთში გადაწყდა: ლეონ გორეცკამ ორწუთიან ინტერვალში დუბლი გაიფორმა და მერე, იოაჰიმ ლიოვის ბიჭები რომ მოპოვებულ უპირატესობას არ გაანიავებდნენ.
ისე, სამართლიანობისთვის - მექსიკის ნაკრებს ურიგო ფეხბურთი სულაც არ უთამაშია და მთელ რიგ ეპიზოდებში დაჯაბნა კიდეც მეტოქე, საგოლე მომენტებიც შექმნა, მაგრამ ერთზე მეტი ვერ გაიტანა, ისიც თამაშის ბოლოსწინა წუთზე. თუმცა, გოლი მართლაც ულამაზესი გამოვიდა: მარკო ფაბიანმა 35 მეტრიდან პირდაპირ ცხრიანში ჩააჭედა და ალბათ ტურნირის საუკეთესო გოლიც შეაგდო. ეს არ ყოფილა შეხვედრის ბოლო გოლი - მსაჯის კომპესირებულ დროში ემრე ჯანის პასით ამირ იუნესმაც შეაგდო - 4:1.
გერმანიის ნაკრები ფინალურ მატჩში ჩილეს 2 ივლისს დაუპირისპირდება. მესამე ადგილისთვის კი, პორტუგალია და მექსიკა ითამაშებენ.
გერმანია - მექსიკა 4:1 (2:0) VIDEO
სოჭი, „ოლიმპიური სტადიონი“
მაყურებელი: 37 923
გერმანია (3-4-2-1): ტერ შტეგენი; კიმიხი, გინტერი, რუდიგერი; ჰენრისხი, გორეცკა (ჯანი 67), რუდი, ჰექტორი; შტინდლი (ბრანდტი 78), დრაქსლერი (იუნესი 81); ვერნერი
მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი
მექსიკა (4-3-3): ოჩოა; ლაიუნი, არაუხო, მორენო, ოსვალდო; ჯონ. დოს სანტოსი (მარკესი 66), ერერა, ჯოვ. დოს სანტოსი (ფაბიანი 62); ხიმენესი, ხავიერ ერნანდესი, აკინო (ლოზანო 46)
მწვრთნელი: ხუან კარლოს ოსორიო
გოლები: 1:0 გორეცკა (6), 2:0 გორეცკა (8), 3:0 ვერნერი (59), 3:1 ფაბიანი (89), 4:1 იუნესი (90)
გაფრთხილება: ჯანი (72) - ხიმენესი (55)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (7) – 25 (9) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 4:11 თამაშგარე: 0:2
მსაჯი: ნესტორ პიტანა (არგენტინა)