ფეხბურთი

22:35 | 29.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

„იაგელონიამ“ ნაბიჯი წინ გადადგა

ევროპული საფეხბურთო სეზონი გაიხსნა და მასში უკვე ქართული გუნდებიც ჩაერთნენ. მათ შორის ბათუმის „დინამოც“, რომელიც ქართულ კლუბებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია, თუნდაც იმით, რომ ევროსარბიელზე გამოსვლებისას აჭარულ კლუბს დადებითი ბალანსი აქვს. ამჯერად, ზღვისპირელებს ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე წილისყრამ მეტოქედ პოლონური „იაგელონია“ არგუნა, რომელიც თავის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა. ბათუმელთა სამწუხაროდ, ისინი ევროსარბიელზე დაბრუნებას საკუთარ ქალაქში ვერ შეხვდნენ და პოლონურ კლუბს ქუთაისში უმასპინძლეს.

„რამაზ შენგელიას“ სახელობის სტადიონი მზადყოფნაში შეხვდა ევროპულ ასპარეზობას. იმერთა მთავარ ქალაქში მთელი დღის განმავლობაში მოღრუბლული გახლდათ, ზედ მატჩის წინ კი მცირედით წამოწვიმა. ასე რომ ფეხბურთელებს სასიამოვნო სათამაშო გარემო შეექმნათ. ამას დავამატოთ საკმაო რაოდენობის მაყურებელიც, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში ერთგულად ქომაგობდნენ საყვარელ გუნდს. თავის მხრივ გულშემატკივრების მცირე ნაწილი პოლონელებსაც ჩამოჰყვათ. ისინი ტრადიციულად მთელი მატჩის განმავლობაში სიმღერით ამხნევებდნენ საკუთარ საფეხბურთო კოლექტივს.

შეხვედრა საშუალო ტემპში დაიწყო. გუნდები ფრთხილობდნენ და ბურთზე კონტროლის დაწესებას ცდილობდნენ. ვერ ვიტყვით რომ მეტოქეთაგან რომელიმემ, სადებიუტო წუთებში რაიმე განსაკუთრებული შექმნა, მაგრამ ფაქტია, რომ მე-15 წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა - ბათუმელთა საჯარიმოში ფარტენაძემ გორალსკი წააქცია, ყოველ შემთხვევაში ბელგიელმა არბიტრმა ასე დაინახა და მან უყოყმანოდ დანიშნა პენალტი. თერმეტმეტრიანი შესრულება პოლონელთა ირლანდიელმა ლეგიონერმა შერიდანმა იკისრა, რომლის დარტყმულ ბურთს ბათუმელთა კიპერი ჩინებულ ნახტომში მიწვდა და საკუთარი კარი გადაარჩინა. 100%-იანი მომენტის გაცუდების შემდეგ პოლონელებს მალევე მიეცათ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, მაგრამ ახლო მანძილიდან რომანჩუკმა უცნაურად დაარტყა და ხიფათიც განიმუხტა.

თამაში ისევ ინერტულად გაგრძელდა. მასპინძლები აშკარად მოიკოჭლებდნენ შეტევების დროს. მართალია, აჭარლებმა პირველ ტაიმში რამდენიმეჯერ მოიპოვეს კუთხურის ჩაწოდების საშუალება, მაგრამ რეალური ხიფათი არცერთ სტანდარტულს არ მოჰყოლია. პირველი ნახევარი კი ისე დასრულდა, რომ მასპინძლებს მოწინააღმდეგის მეკარე კელემენი არცერთხელ არ შეუწუხებიათ. 41-ე წუთზე კი ბათუმელებს სტუმართა კონტრშეტევა გაეპარათ და კინაღამ გაშვებული გოლით დაისაჯნენ. ამ მომენტისატვის დიდებულად გაისარჯა ნოვიკოვასი, რომელმაც მაღალი სისწრაფით ჩაურბინა მოწინააღმდეგეებს ბათუმელთა საჯარიმოში და დაახლოებით პენალტის ნიშნულიდან დაურტყა ტიმოფეევს, თუმცა მისი გაცურება ვერც მან მოახერხა. ბათუმელთა უკრაინელმა კიპერმა ამჯერადაც აშკარა გოლისაგან იხსნა საკუთარი გუნდი.

მატჩის მეორე ტაიმი დინამოელთათვის ცუდად დაიწყო. 49-ე წუთზე პოლონელებმა სტანდარტული შეასრულეს და თითქოს ბურთი საჯარიმოდან გამოიტანეს, მაგრამ სტუმრებმა ზედიზედ ორჯერ მოიგეს საჰაერო დუელი, რომანჩუკმა და რუნჟემ ბურთი შერიდანს მიაწოდეს, რომელმაც მახვილი კუთხიდან ცაციათი ტიმოფეევს აუღებელი დაურტყა - 0:1.

გაშვებულმა გოლმა ბათუმელები იძულებული გახადა წინ გაეწიათ და 52-ე წუთზე მათ პირველად დაარტყეს მეტოქის კარისკენ. პოლონელთა საჯარიმოში კვირკელიას მიეცა შანსი, მაგრამ ვეტერანი მცველის დარტყმული კელემანის დაცვის ობიექტს გარედან მოხვდა. ცოტა ხანში შონიამ დაარტყა საჯარიმოს მისადგომებიდან, მაგრამ არაზუსტად. სიტუაციის ამგვარმა განვითარებამ სტუმრებს კონტრშეტევების საშუალება მისცათ. ამიტომაც მასპინძლებს მთლად არ მოუშიშვლებიათ დაცვის ხაზი. სანწუხაროდ ნელ-ნელა ბათუმელებმა შეცდომებს უხშირეს. ერთხელ ამის გამო კინაღამ გოლითაც დაისაჯნენ.

ჩვენდა სამწუხაროდ თანდათანობით მატჩი პოლონელთა სცენარით წარიმართა. სტუმრები ბათუმელებს საკუთარ ნახევარზე სივრცეებს უზღუდავდნენ, თავის მხრივ კი კონტრშეტევებზე იყვნენ ორიენტირებულები. ამ ყველაფერს კი ისინი ძალიან მშვიდად აკეთებდნენ. რამდენიმეჯერ, მათ კიდევ შეეძლოთ თავის გამოჩენა, მაგრამ გადამწყვეთ მომენტებში ბოლო პასი არ გამოდიოდათ.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში ბათუმელთა დამრიგებელმა კონსტანტინე ფროლოვმა შეტევის გასაძლიერებლად გორელიშვილი და მარცვალაძე შეუშვა, თუმცა ვერ ამ მოჰგვარა შვება ზღვისპირელთა კოლექტივს. პირიქით, უკანასკნელ წუთებში სტუმრები უბრალოდ ვალდებულები იყვნენ რამდენიმეჯერ გაეტანათ. დუბლის შესრულება შეეძლო შერიდანს, რომელიც მეკარესთან პირისპირ იყო დარჩენილი და ბურთი ხარიხას გაარტყა. ამის სემდეგაც ჰქონდათ გატანის შანსები სტუმრებს, მაგრამ ხან იღბალს, ხანაც ტიმოფეევს ვერ ჯაბნიდნენ. მატჩი კი მინიმალური ანგარიშით დასრულდა, ხოლო „იაგელონიამ“ სერიოზული განაცხადი გააკეთა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.

ირენეოშ მამროტი („იაგელონია“): „ პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბათუმის „დინამოს“ გულთბილი მასპინძლობისთვის. რაც შეეხება შეხვედრას, უამრავი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, თუმცა მოგება მაინც შევძელით და კმაყოფილი ვარ. პირველი შეხვედრა იყო ჩემთვის ამ გუნდში, თანაც პაუზაც საკმაო იყო. მადლობა ბიჭებს გამარჯვებისათვის“.

კონსტანტინე ფროლოვი („დინამო“): „ჩვენს გუნდს მეტოქესთან შედარებით ასეთი მატჩების გამოცდილება არ გააჩნია. ალბათ მარცხის მთავარ მიზეზად სწორედ ეს უნდა მივიჩნიოთ. წაგების მიუხედავად ფარ-ხმალის დაყრას არ ვაპირებთ. მეტოქეს უპირატესობა აქვს, მაგრამ ჩვენ მაინც ვეცდებით გამარჯვებას“.

ბათუმის „დინამო“ – ბელოსტოკი „იაგელონია“ 0:1 (0:0)

29 ივნისი. 20:00. ქუთაისი. „რამაზ შენგელია“ . 5000 მაყურებელი

„დინამო“: ტიმოფეეევი, ფარტენაძე, მახარაძე, ქავთარაძე (გორელიშვილი, 78), შონია, თევდორაძე (ტვილდიანი, 65), სუხიაშვილი, კვირკველია, გრიგალაშვილი (მარცვალაძე, 82), თარხნიშვილი, კვასოვი.

მთავარი მწვრთნელი: კონსტანტინე ფროლოვი

„იაგელონია: კელემენი, გორალსკი, რომანჩუკი, ხომჩენოვსკი, ტომელინი, ბურლიგა, ნოვიკოვასი (სეკულსკი, 75), ჩერნიხი (ნიკოლსკი, 84), რუნჟე, ტომაშიკი (სიტია, 50), შერიდანი.

მთავარი მწვრთნელი: ირენეოშ მამროტი

არბიტრი: ერიკ ლამბერჰსტი (ბელგია)

გოლი: 0:1 შერიდანი (49)

მე-15 წუთზე შერიდანმა ვერ გამოიყენა პენალტი

გაფრთხილება: გრიგალაშვილი (22), გორალსკი (31), თევდორაძე (42), რომანჩუკი (68), შერიდანი (87), ტვილდიანი (90+1), სეკულსკი (90+3).

0.415571