სხვა

16:53 | 29.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლერი ხაბელოვი: "ოპონენტმა წაგება ვერ აიტანა და ჩათვალა, რომ გასაჩივრება იყო საუკეთესო გზა"

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა საგანგებო ბრიფინგი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულებულ სასამართლო დავას მიეძღვნა.

შეგახსნებთ, რომ 26 ივნისის დასკვნით სხდომაზე მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილმა გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლის თანახმადაც არ დაკმაყოფილდა სეოკ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელი, შესაბამისად - 2016 წლის 23 დეკემბრის სესიაზე სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევნების შედეგები კანონიერად ცნო.

ბრიფინგზე შეკრებილ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდეს და მედიის კითხვებს უპასუხეს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და სეოკ-ის ადვოკატებმა - ირაკლი ყანდაშვილმა და სალომე ბეჟაშვილმა.

ლერი ხაბელოვი: „ მოსარჩელემ ისეთ საკითხებზე წამოიწყო დავა, სასაცილოდაც არ ჰყოფნის ჩვენს საზოგადოებას. მისი ბრალდებები უპრეცედენტო და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ოლიმპიურ კომიტეტში არჩევნები ყოველთვის გამჭვირვალედ ტარდებოდა და ამჯერადაც ასე იყო. კიდევ უფრო მაღლა ავწიეთ თამასა, ოლიმპიური ქარტიის და წესდების მოთხოვნების სრული დაცვით იყო ყველაფერი. ოპონენტმა ვერ აიტანა წაგება და ჩათვალა, რომ გასაჩივრება იყო საუკეთესო გზა. არა მარტო აქ გვიჩივლა, არამედ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტშიც. ჩვენ მოგვივიდა იქიდან წერილი - გვითხრეს, ამ არასერიოზულ თემებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, თქვენთან არანაირი კითხვა არა გვაქვსო. თავად საჩივრის ავტორი კი პასუხის ღირსადაც არ ჩათვალეს".

ირაკლი ყანდაშვილი: „როგორც მოგეხსენებათ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა მართლაც რეზონანსული საქმე, რომელიც ზოგადად ქართული სპორტის დღევანდელობას და ხვალინდელ დღეს შეეხებოდა. აღნიშნული სარჩელით და სასარჩელო წარმოებით სადაოდ იყო გამხდარი 2016 წლის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის შედეგები სეოკ-ის პრეზიდენტთან დაკავშირებით. 2017 წლის 26 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად დაასრულა მოსმენა და გადაწყვეტილება გამოიტანა. ამ გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელი. ეს იმას ნიშნავს, რომ 2016 წლის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობის გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციის საკითხი მოხსნილია დღის წესრიგიდან".

სალომე ბეჟაშვილი: „როგორც მოგეხსენებათ, მოსარჩელე მხარემ არა მარტო გაასაჩივრა და სადაო გახადა 2016 წლის დეკემბრის საარჩევნო სესიის ოქმი, არამედ ეჭვქვეშ დააყენა სეოკ-ის იმ წევრების ლეგიტიმურობა, როგორებიც არიან ეროვნული სპორტული და რეგიონალული ორგანიზაციები, ასევე სპორტული პროფილის მქონე ორგანიზაციები. გარდა იმისა, რომ ლოგიკურად სწორედ აღნიშნული ორგანიზაციები უნდა წყვეტდნენ სეოკ-ის ბედს და იღებდნენ გადაწყვეტილებას, აღნიშნული გარანტირებულია სეოკ-ის წესდებითაც, რომელიც მისი მიღებისთანავე მოწონებული იქნა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ. ეს სწორედ ის ორგანიზაციაა, რომელმაც მიიღო თავის დროზე ოლიმპიური ქარტია, ამ ქარტიას შეუსაბამა და ამის მიხედვით იქნა მოწონებული სეოკ-ის წესდება. შიდა კანონმდებლობის დონეზე, ოლიმპიური ქარტიის როლს და იურიდიულ ძალას სპორტის შესახებ საქართველოს კანონიც ამყარებს. ზემოთ აღნიშნული კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ 2016 წლის 23 დეკემბრის სესია ჩატარებულ იქნა კანონის სრული დაცვით. შესაბამისად, არჩევნები იყო ლეგიტიმური, რაც გაიზიარა კიდევაც სასამართლომ და სარჩელი არ დაკმაყოფილდა."

geonoc.org.ge

0.129614